ყველაზე ცუდ კოშმარში ვერ წარმოვიდგენდით, რომ საქართველოს ეყოლებოდა ხელისუფლება, რომელიც მზადაა საქართველოს ტერიტორიული დაქუცმაცებისთვის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია ქართველი ხალხი შეეგუოს საქართველოს დასახიჩრებას.
“ყველაზე ცუდ სიზმარში, ყველაზე ცუდ კოშმარში ვერ წარმოვიდგენდით იმას, რომ საქართველოს ეყოლებოდა ხელისუფლება და სინამდვილეში ეს არის ანტიქართული, მაფიოზური დაჯგუფება, რომელიც საკუთარი ფინანსური ინტერესების გამო მზადაა, გაძარცვოს და გააღატაკოს ხალხი და მზადაა საქართველოს ტერიტორიულ დაქუცმაცებისთვის. რუსეთი 33 წელია, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან ცდილობს საქართველო დაანაწევროს და ეს არის მისი გაცხადებული გეგმა. დღეს, სამწუხაროდ, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც მიზანმიმართულად მივიდა ამ წერტილში, როცა გვიცხადებენ, რომ მზად არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხელყონ, დაანაწევრონ და დააქუცმაცონ“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, “მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით”.