პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, “არჩევნებში გამარჯვების ფორმულა ქუდზე კაცის გამოსვლა და ბიძინასთვისაც და მიშასთვისაც უარის თქმაა”.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” 12-წლიანი მმართველობის შემდეგაც ქვეყანაში ზუსტად ის ვითარებაა, რაც 12 წლის წინ იყო.
“12 წლის წინ, 2012 წლის პირველ ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უარი უთხრა ავტორიტარულ რეჟიმს და ერთპიროვნულ მმართველობას. 12 წლის შემდეგ სახეზე გვაქვს შემდეგი, რომ საქართველოს პარლამენტი ანგარიშვალდებულია არა ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია არა საქართველოს პარლამენტის და ქართველი ხალხის, არამედ ერთი კაცის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე, საქართველოს სასამართლო ხელისუფლება, პროკურატურა ანგარიშვალდებულია არა კანონის, არამედ ბიძინა ივანიშვილის წინაშე. “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ამისთვის არ მოსულა. არ მოსულა იმისათვის, რომ მაშინ უკიდურესად პოლარიზებული საზოგადოება კიდევ უფრო მეტად გაეხლიჩა, დაეყო თავისიანებად და მტრებად.
ჩვენ დღეს, 12 წლის შემდეგ ვდგავართ ისევ იქ, სადაც ვიდექით 12 წლის წინ. ეს არის მთავარი პრობლემა, საიდანაც ერთი გამოსავალია. ესაა ამომრჩეველი, პირობითი სახელწოდებით – არც ბიძინა და არც მიშა, მაქსიმალურად მივიდეს არჩევნებზე. ქუდზე კაცი 26-ში, არც ბიძინას და არც მიშას. ეს არის გამარჯვების ფორმულა”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.