რუსმა ოკუპანტებმა პოკროვსკის მიმართულებით ერთდროულად 16 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს. ეს არის სამხედრო ტყვეების ყველაზე მასიური სიკვდილით დასჯა ფრონტის ხაზზე, ომის დაწყების შემდეგ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურის ოფისი და ომბუდსმენი ავრცელებენ.
გენპროკურატურის ოფისში აცხადებენ, რომ დღეს გავრცელდა ინფორმაცია რუსი ოკუპანტების მიერ 16 უკრაინელი ტყვეს დახვრეტის შესახებ.
მისივე ცნობით, ვიდეოში ჩანს, როგორ ესვრიან ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებს მიზანმიმართულად რუსი ოკუპანტები, მათ შორის როგორ კლავენ ავტომატის ჯერით სამ დაჭრილს, რომელთაც სიცოცხლის ნიშნები ეტყობათ.
როგორც გენპროკურატურის ოფისში აღნიშნავენ, ასეთი ქმედებები არის ჟენევის კონვენციების ცინიკური და უხეში დარღვევა და კვალიფიცირდება, როგორც სერიოზული საერთაშორისო დანაშაული.
“ეს არის უკრაინელი სამხედროების ყველაზე მასიური სიკვდილით დასჯა ფრონტის ხაზზე და ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ ტყვეების წამება და მკვლელობა არის არა შემთხვევითობა, არამედ რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელისუფლების მიზანმიმართული პოლიტიკა”, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა.
სამართალდამცველები სწავლობენ ვიდეოს, ასევე დაწყებულია საძიებო და საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს დანაშაულის ყველა გარემოების დადგენას.