უგლედარიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების გაყვანა სწორი ნაბიჯი იყო უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად. რუსეთის წინსვლის შესაჩერებლად უკრაინას მეტი დასავლური დახმარება სჭირდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ნატოს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, როდესაც რუსეთი “ანგრევს უკრაინელი მებრძოლების პოზიციებს, მათ უნდა გადაარჩინონ სიცოცხლე, რადგან ისინი ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი შენობა“.
“რადგან ეს ჩვენი ხალხია, უკრაინის მოქალაქეები, ამიტომ ძალიან სწორია, რომ ისინი ტოვებენ და შეუძლიათ თავის გადარჩენა. ეს არის აბსოლუტურად სწორი ნაბიჯები. ამიტომ, ვითხოვთ შესაბამის ნებართვებს.
შესაძლებელია თუ არა ამის გარეშე რუსეთის შეჩერება? დღეს ეს არის ერთ-ერთი საშუალება – უკრაინის გაძლიერება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უგლედარს ორი წლის განმავლობაში იცავდნენ, მოიგერიეს რუსული ჯარების მრავალი თავდასხმა. 72-ე ბრიგადის წევრებმა ქალაქიდან გასვლა გასულ კვირას დაიწყეს, რადგან მიწოდების ხაზები შეწყდა.
2 ოქტომბერს ოპერატიულ-სტრატეგიულმა ჯგუფმა “ხორტიცამ” დაადასტურა თავდაცვის ძალების ქალაქიდან გაყვანა პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის შესანარჩუნებლად.
როგორც 72-ე ბრიგადაში განაცხადეს, უგლედარიდან დაჭრილების ევაკუაცია რთული იყო, რადგან მტერი ფლანგებიდან აწვებოდა, თუმცა ქალაქიდან წასვლამ დანაკარგების მაქსიმალურად შემცირების საშუალება მისცათ.