მთავრობის დაკომპლექტებაზე საუბარი, როცა პოლიტიკურ სპექტრში ეს განხილვის თემა არ ყოფილა, ვფიქრობ, ამ ეტაპზე ნაადრევია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან გვაქვს შემოთავაზება, გავმართოთ კონსულტაციები. ბუნებრივია, ჩვენ მზად ვართ ამგვარი კონსულტაციებისთვის. ჩვენ ხელმომწერი ვართ „ქართული ქარტიის“, რომელიც არის ერთგვარი გზამკვლევი საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში. ამიტომ თავისთავად ეს პროცესი ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია. თუმცა ვფიქრობ, ჯერ საუბარი მთავრობის დაკომპლექტებაზე, ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში, როცა ეს განხილვის თემა პოლიტიკურ სპექტრში არ ყოფილა, იქნება ნაადრევი. თუმცა ყველას კარგად გვესმის, რომ საბოლოო ჯამში ქართველი ხალხი აირჩევს კოალიციურ მთავრობას. ეს იქნება ახალი განაცხადი საქართველოსთვის. მე მჯერა, რომ კოალიციური, მრავალპარტიული მთავრობა შეიყვანს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის დაკომპლექტების შემთხვევაში, უკვე ჰყავს პრემიერობის საკუთარი კანდიდატი.