სადამკვირვებლო კოალიციის “ჩემი ხმის“ წარმომადგენლის ლონდა თოლორაიას განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ოფიციალურად გაუქმება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
მისივე თქმით, როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფოს შესყიდვებთან და პროგრამებთან
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნების შემთხვევაში არის შესაძლებელი საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა.
“მსურს შევაჯამო წინა კვირაში განვითარებული მოვლენები და მოგაწოდოთ ინფორმაცია რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე. უპირველესყოვლისა, აღვნიშნავთ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ თავმჯდომარე ორგანიზაციის მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების ოფიციალურად გაუქმება არის ქართული სამოქალაქო სექტორის გამარჯვება, რამაც კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. აქვე მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ კონცენტრირდეს რეალურ პრობლემებზე და შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მისი შემომწირველები. როგორც გასულ წლებში, წელსაც აშკარაა სახელისუფლებო პარტიის მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფოს შესყიდვებთან და პროგრამებთან. პარტია „ქართული ოცნების“ ათობით შემომწირველს ამავე პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებიდან და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამებიდან 1,2 მილიარდ ლარზე მეტი აქვს მიღებული. ასევე კოალიციის წევრებმა მიმდინარე წლის აგვისტოსა და სექტემბერში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ საეჭვო სქემით განხორციელებული 2 მილიონი ლარის შემოწირულობა დააიდენტიფიცირეს.
ასევე კოალიცია შეშფოთებულია სასამართლოს მიერ საარჩევნო საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებებით, კოალიცია აკვირდება იმ სასამართლო დავებს, რომელიც საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს სასამართლოში. ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებულია 27 საქმესთან დაკავშირებით და არცერთი საქმე არ გადაწყვეტილა მომჩივანი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ. მოვუწოდებთ სასამართლოს გადაწყვეტილებები მიიღოს სამართლის უზენაესობის პრინციპის შესაბამისად და არა მმართველი პარტიის ინტერესების სასარგებლოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრობის კანდიდატები რეგიონებში რეგულარულად ატარებენ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ღონისძიებებს და ამ ღონისძიებებს იყენებენ აგიტაციისთვის. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა ასპინძაში, ხელვაჩაურში, გარდაბანში, რუსთავში, ხულოსა და ონში. აქვე აღვნიშნავთ, რომ კანონის დარღვევაა გარე რეკლამების მონოპოლისტის, ალმა პლუსის მიერ “ნაციონალური მოძრაობისათვის“ წინასაარჩევნო რეკლამების განთავსებაზე უარის თქმა. ასევე კანონდარღვევაა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ კოალიცია „ძლიერი საქართველოსთვის“ წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებაზე უარის თქმა.
როგორც მოგეხსენებათ, ცესკომ მიიღო გადაწყვეტილება დევნილების და ასევე რეგისტრაციის არმქონე პირების სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის შესახებ, ეს იყო ჩვენი სადამკვირვებლო მისიის მოთხოვნა, თუმცა ემიგრანტების დიდი ნაწილისათვის კვლავ პრობლემად რჩება არჩევნებში მონაწილეობა საზღვარგარეთ შექმნილი არასაკმარისი უბნების გამო. კოალიცია მიიჩნევს, რომ ცესკოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ნების შემთხვევაში არის შესაძლებელი საარჩევნო უბნების გახსნა იმ ქალაქებში, სადაც მაღალია ქართველი ემიგრანტების რაოდენობა. დღეს საზღვარგარეთ არსებულ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა ამიტომ, მოვუწოდებთ კიდევ ერთხელ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს გამოიყენონ მაქსიმალურად დღევანდელი დღე, დადგნენ საკონსულო აღრიცხვაზე ან გაიარონ საარჩევნო რეგისტრაცია საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბანზე, საკონსულო დაწესებულებაში ან დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.
გრძელდება ზეწოლა მედიაზე. მმართველი პარტია ამჯერად ტელევიზიებისგან უკრაინელი ხალხის ტრაგედიის ამსახველი ვიდეორგოლების გაშვებას ითხოვს. მაღალი ჯარიმების საფრთხის მიუხედავად, მედიასაშუალებებმა: “ფორმულამ“, “TV პირველმა“ და „მთავარმა არხმა“ უარი განაცხადეს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კლიპების განთავსებაზე. სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ სოლიდარობას უცხადებს ამ მედიასაშუალებებს და მოუწოდებს მმართველ პარტიას შეწყვიტოს არაეთიკური და უღირსი წინასაარჩევნო კამპანია.
ასევე ვეხმაურებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად იქმნება სამართალდარღვევის პრევენციისა და მათზე რეაგირების პასუხისმგებელი ჯგუფები, რომელთა დაკომპლექტებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის მიერ ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილი. კოალიციას მიაჩნია, რომ დაუშვებელია ასეთი პირების ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.
ჩვენ ვაგრძელებთ დამკვირვებლების რეგისტრაციას. ამ ეტაპზე დამკვირვებლად რეგისტრირებულია 2250 პირი. ჩვენ მადლობას ვუხდით საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, რომლებიც დაგვეხმარნენ დამკვირვებლების მობილიზებაში. ასევე მოხარული ვართ, რომ არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოხატა კულტურის სფეროს ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.