აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა მინისტრებს დევნილ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაქსიმალური გამჭვირვალობა დაავალა.
როგორც მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს.
“მინდა გთხოვოთ თითოეულ მინისტრს, რომ თქვენს უწყებებთან ერთად, გახვიდეთ კომპაქტური დასახლების ადგილებში და კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა. აქვე მინდა, შევეხო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე.
მისივე თქმით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე მოხდება დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.