ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ბევრი რამ შეიცვალა ხელისუფლების მიერ.
” მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს – კარი გაეღოთ. მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირში წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. საქართველოს ხელისუფლების წევრები ევროკავშირის ღირებულებებისგან შორს არიან.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კვლავ დავუბრუნდებით ევროკავშირში შესასვლელ გზას, რომელიც ამ ეტაპზე შეჩერებულია.
ევროკავშირი მზად არის, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებები განაახლოს, თუ მას დემოკრატიული მთავრობა ეყოლება. მას შემდეგ, რაც საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ბევრი რთული, ურთიერთსაწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს მთავრობის წევრებმა.
გადაწყვეტილებები, რომლებმაც იმის ნაცვლად, რომ საქართველო უფრო დააახლოოს საქართველოს მოსახლეობის 90%-ის “ოცნებასთან” ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, საქართველოს აშორებს ევროკავშირის წევრობისგან. ეს შეუთავსებელია ფასეულობებისა და პრინციპებისადმი, რომლებზეც აშენდა ევროკავშირი. ვლაპარაკობთ შეთანხმებებზე, რომლებიც მოიცავს თავისუფლებას, დემოკრატიას, ადამიანის უფლებებს, როგორც ღირებულებებს, რომლებიც აბსოლუტურად არ ექვემდებარება მოლაპარაკებებს.
ძალიან ბევრი გადაწყვეტილება, მიღებული საქართველოს მთავრობისა თუ პარლამენტის მიერ ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს. ჩვენ ხმამაღლა და ცხადად ვთქვით, რომ ყალბი ნარატივები, პროპაგანდა, დეზინფორმაცია, რომელიც მიზანში იღებს დასავლეთს ზოგადად და კონკრეტულად ევროკავშირს, მიუღებელია ქვეყნისგან, რომელიც ისწრაფვის, რომ შეუერთდეს ევროკავშირს და სამწუხაროდ, ეს შეთქმულების თეორიები, ნარატივები, უცნაური თეორიები კიდევ გრძელდება”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.