მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ “ქართულმა ოცნებამ“ 20%-ზე მეტი აიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს და სიკეთე სძლევს ბოროტებას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს სჭირდება გადატვირთვა და ეს გადატვირთვა არის „ქართული ოცნებისგან“ გათავისუფლება.
“ბოლო ერთი კვირაა, უწყვეტი ტურნე გვაქვს, დავდივართ ყველგან. დღეს ქვემო ქართლში ვიყავით, კახეთში ვიყავით, შიდა ქართლში ვიყავით და კიდევ ერთხელ გვინდა, რომ შემოვიაროთ მთელი საქართველო და ხალხს ვუთხრათ, რომ მხოლოდ ჩვენ კი არ ვამბობთ, რომ გადამწყვეტია, მთელი მსოფლიო ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნებია საქართველოსთვის. წარმოიდგინეთ, ევროკავშირის ელჩი, ამერიკის შეერთებული შტატები ამბობს, რომ ამერიკამ დაასრულა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“, ევროკავშირმა დაასრულა ურთიერთობა „ქართულ ოცნებასთან“ და ახლა დროა ჩვენ დავასრულოთ ურთიერთობა, რადგან ჩვენ ვირჩევთ საბოლოო ჯამში და პირველი, რაც მე ყველას მინდა ვუთხრა, ვინც გვიყურებს, გამოვხიზლდეთ ყველა. თუ კიდევ არის ვიღაც, ვისზეც მოქმედებს ეს ბინძური კამპანია „ქართული ოცნების“ მიერ, ხალხო გამოფხიზლდით, უბრალოდ გავაცნობიეროთ რაღაც მომენტი, რომ სხვაგან არის სამყარო.
ირჩევ „ქართულ ოცნებას?“ დაამთავრე ურთიერთობა ამით ევროკავშირთან. ირჩევ დემოკრატიას? კარი ღიაა 14 მილიარდით, სწრაფი გაწევრიანებით, სამუშაო ადგილებით, ინვესტიციებით. ცა და დედამიწაა ეს ორი რაღაც და ამას ვუხსნით ჩვენ საზოგადოებას, დავდივართ და დაგვაქვს პასპორტი, რომელშიც მოკლედ გვაქვს მოტანილი, რასაც გავაკეთებთ და ეს მინიმუმია, რადგან გაცილებით მეტი შეგვიძლია. წარმოგიდგენიათ უბრალოდ 14 მილიარდის შემოტანა ევროკავშირისგან რას ნიშნავს? Alde-მ გუშინ მიიღო რეზოლუცია, სადაც პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ ეს მილიარდები გამზადებულია საქართველოსთვის. მე წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 20%-ზე მეტი აიღოს. დარწმუნებული ვარ, რომ ხალხი გაიმარჯვებს და სიკეთე სძლევს ბოროტებას. ჩვენ თაობას ძალიან კარგად გვახსოვს უშუქობა, უგზოობა, კორუფცია, კრიმინალი, ნარკომანია აი ეს იქნება „ქართული ოცნების“ დროსაც. როგორი უნამუსო უნდა იყო ადამიანი, 2003 წელს გაყინული პენსია, გზა არ იყო, დენი არ იყო და “გაიშნიკებს” აღარ გავიხსენებ, გამიწამეს სტუდენტური ცხოვრება, არასდროს ქრთამს არ ვიხდიდი და სულ პრობლემა მქონდა პოლიციასთან და ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ამაზე ამბობს ეს ადამიანი, რომ არაფერი შეცვლილა 2012 წლამდე. 2012 წლის მერე „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა კრიმინალი, კორუფცია, კატასტროფული ნარკომანია და უამრავი საშინელება. საქართველოს სჭირდება გადატვირთვა და ეს გადატვირთვა არის „ქართული ოცნებისგან“ გათავისუფლება. აღსდექ საქართველო, მოვიშოროთ ეს ყველაფერი, ეს ხალხი არის მოსაშორებელი.
რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, მე ღიად გეუბნებით, რასაც მოვაწერეთ ხელი არის, რომ პრეზიდენტის მონაწილეობით მოხდეს კოალიციური მთავრობის ფორმირება და ამ პირობას ჩვენ პირნათლად შევასრულებთ, დანარჩენი ვნახოთ. ერთ რამეს ვიტყვი ძალიან გულწრფელად, ისე არ მოხდეს ახლა, როცა ლელო – გახარიას გაერთიანებაზე იყო საუბარი და მერე ცუდად დამთავრდა და ერთი კვირა ვილაპარაკოთ რაღაცაზე, რომელიც შეიძლება არჩევნებამდე ვერ მოხდეს, რადგან დრო არაა დარჩენილი არჩევნებამდე, ეს პროცესი კი სარისკოა. ეს ფიასკოთი დამთავრდა და აღარ მინდა მსგავსი შემთხვევები”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.