საფრანგეთში საქართველოს ყოფილი ელჩის გოჩა ჯავახიშვილის განცხადებით, კოლეგების პროევროპულობაზე და მათ პატრიოტიზმზე აზრი არ შეუცვლია და ძალიან ამაყია, რომ დიდი ხნის განმავლობაში პროფესიონალ დიპლომატთა გუნდში მუშაობდა.
“ჩემი კოლეგების პროევროპულობაზე და მათ პატრიოტიზმზე აზრი არ შემცვლია, მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დიდი ხნის განმავლობაში პროფესიონალ დიპლომატთა გუნდში ვმუშაობდი, ბევრი ვისწავლე ჩემი უფროსი კოლეგებისგან, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ვინმე იტყვის, რომ ჩემგანაც კეთილი რჩევა გაიზიარა. მე ვფიქრობ, რომ დღეს ყველა საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედებს, შესაძლოა, რომ ისინი კვლავ ელოდებიან როდის გადაივლის ეს ქარცეცხლი და ყველაფერი ჩადგება ისევ კალაპოტში. ჩემი გადაწყვეტილება დაეფუძნა ჩემს პირად ანალიზს, როცა ამდენი ხანი საჯარო სამსახურში მუშაობ, როცა ცდილობ, რომ ყოველი მოვლენა ერთგვარ გაკვეთილად აქციო, ცხოვრება ბუნებრივად გთავაზობს განვითარების შესაძლო სცენარებს. მე იმ პერიოდში დავინახე, რომ ვეღარ შევძლებდი გამეგრძელებინა იმ კონტექსტში მუშაობა, იმ ქვეყანაში, რომელთან მეგობრობასა და ურთიერთობების ძალიან მაღალ დონეზე აყვანას შევალიე ეს წლები.
საფრანგეთი მე როგორც მეორე სამშობლო ასე მიმაჩნია, თუმცა, რასაკვირველია, საფრანგეთში მე ჩემი პირველი და ერთადერთი სამშობლოს ინტერესებს წარმოვადგენდი და მას ვემსახურებოდი. ჩემმა ინტუიციამ მიკარნახა, რომ სიტუაცია გაუარესდებოდა, შეიცვლებოდა ტონი საფრანგეთის მხრიდანაც და მე ვერ ვხედავდი ამ დაპირისპირების ტონალობაში მესაუბრა იმ პარტნიორებთან, რომელთან ერთადაც ჩვენ მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ჩემთვის გადამწყვეტი მომენტი იყო აპრილის ბოლოს ის ცნობილი გამოსვლა და ის კომუნიკე, რომელიც საქართველოდან გაიგზავნა საფრანგეთში, სადაც საგარეო საქმეთა სამინისტრო საყვედურობდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას და მე ეს უბრალოდ, როგორც ელჩმა წყენად მივიღე, რადგან ჩავთვალე, რომ თუ ელჩი უშუალოდ ტექსტის შემუშავებაში არ მიიღებდა მონაწილეობას, უბრალოდ უნდა გავეფრთხილებინე მაინც ვინმეს, რომ მოვმზადებულიყავი რა სავარაუდო პასუხები უნდა დამეხვედრებინა იმ სავარაუდო შეკითხვებზე, რომელიც დიპლომატიურ უწყებაში გაუჩნდებოდათ”, – განაცხადა ჯავახიშვილმა “ფორმულას” ეთერში.
რაც შეეხება “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჯავახიშვილის თქმით, ის არ აღიქვამს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს მოსთხოვა ბოდიშის მოხდა.
“მე არ აღვიქვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ერს მოსთხოვა ბოდიშის მოხდა, მან თქვა, რომ ჩვენ ალბათ, ძალებს ვიპოვით, რომ ბოდიში მოვუხადოთ ჩვენს ოს და-ძმებსო, შესაძლოა, რომ ბოდიში ზოგიერთ კონტექსტში იყოს შერიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ იმ კონტექსტში, როცა ვამბობთ, რომ ჩვენ ეს ბოდიში გვეკუთვნის იმის გამო, რომ ჩვენ ცეცხლის ალში გავხვიეთ, აი ამ მეორე ნაწილმა ძალიან დაამძიმა ეს ყოველივე, რადგან ნებისმიერი დიპლომატისთვის ის ფაქტი, რომ საქართველო იყო და არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი და ეს ომი ჩემთვის არ დაწყებულა 2008 წლის 7 აგვისტოს, ეს დაიწყო იმ დღეს, როცა საქართველო ცდილობდა საკუთარი დამოუკიდებლობის აღდგენას. არ ვიცი ბიძინა ივანიშვილის დონის პოლიტიკოსს, რომელიც ჰაერზე არ ისვრის სიტყვებს, რამდენად ჰქონდა გათვლილი ის, რაც გამოიწვია ბოდიშის მოხდის ნაწილში, რადგან გამოიწვია შიდა პოლიტიკაში დაპირისპირება და აგრესია.
მე არ ვარ რადიკალური შეფასებების მომხრე და მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ მისი პოლიტიკური მიზანი ალბათ, იყო ის, რომ უფრო მწვავედ გაესვა ხაზი ოპოზიციური პასუხისმგებლობისთვის, რომ ამომრჩევლებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინა ვისი შეცდომის გამო დავკარგეთ კონტროლი ამ ტერიტორიებზე და სხვა. სურვილით, რომ რამენაირად ზიანი მიაყენოს ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს, ზიანი ადგება მთლიანად სახელმწიფოს.
“ოცნება“ რომ დარჩეს, ეს პრობლემა ამ განცხადებიდან გამოწვეული, ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდება. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ელოდებიან იმ ძალისხმევის საპირწონე მხარდაჭერას ჩვენგან, მეც თავიდან სანამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ვფიქრობდი, რომ ვჩქარობდი, თუმცა ერთადერთი, რაზეც შეიძლება გული დამწყდეს, ის არის, რომ ვერ მოვახერხეთ მეგობრებთან სასაუბრო ენის გამონახვას.
მე მაინც პოზიტიურად ვთვლი იმას, რომ მთავრობის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჩვენ გადავტვირთავთ და ვიმუშავებთ, თუმცა ვერ ვხედავ რესურსს, რომ ის რაც გაფუჭდა და დაზიანდა ყველაზე მეტად კი ნდობა ჩვენი ხელისუფლების გულწრფელობაში, რომ ჩვენ ნამდვილად გვინდა დასავლური ცივილიზაციის ღირსეული წევრები ვიყოთ და ამ ნდობის აღდგენას სჭირდება ძალიან დიდი დრო“, – განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.