კამპანიას ერთი “მესიჯი” დაემატება: 100 ხმა იმისთვის გვჭირდება, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გადავაყენოთო – ამ თემით შეეცდებიან ამომრჩევლის მობილიზებას, – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი სიმბოლურია, რადგან პრეზიდენტის მოქმედი ვადა არჩევნებიდან მალევე იწურება.
“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება ხელახლა დაანონსდა. ეს იმპიჩმენტი სიმბოლურია, რადგან პრეზიდენტის მოქმედი ვადა არჩევნებიდან მალევე იწურება. აბა რა ხდება?
გახსოვთ, რომ “ქართული ოცნება” ამომრჩევლისგან საკონსტიტუციო უმრავლესობას ითხოვს და ამისთვის 4 არგუმენტიც შემოგვთავაზა, მაგრამ ერთი რომ ეს არგუმენტები დამაჯერებელი არ იყო და მეორე – საკითხს აქტუალიზება სჭირდება.
მას მერე, რაც იმპიჩმენტის პროცედურას წამოიწყებენ, კამპანიას ერთი “მესიჯი” დაემატება: 100 ხმა იმისთვის გვჭირდება, რომ კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი გადავაყენოთო – ამ თემით შეეცდებიან ამომრჩევლის მობილიზებას”, – წერს ვახუშტი მენაბდე.
საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, “კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი”.