“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას მიაჩნია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს.
უგულავას თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი არჩევნებამდე უნდა შეირჩეს, რადგან შედეგების გამოცხადების შემდეგ შეუთანხმებლობა არ იყოს.
“სამი დღეა ვუსმენ, გამოდიან ჩვენი კოლეგები, ჩვენი პარტიიდან და სხვა პარტიებიდან, პერსონალიებზე არ ყოფილა საუბარი, არ ვიცით ვის გულისხმობს და ა.შ. ასეთი დამალობანა არ შეიძლება. პრემიერ-მინისტრი არ შეიძლება უჯრიდან ამოვიღოთ და გამარჯობა ეს იქნება თქვენი პრემიერ-მინისტრი. ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე.
ამწუთას, პოლიტიკური “მომენტუმი” აქვს ერთადერთ ადამიანს. ამ ოთხი ძლიერი ცხენის ერთ ეტლად ქცევის პოლიტიკური შანსი და ძალა აქვს მხოლოდ ერთ ადამიანს, ესაა ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თვითონ. ჩემი პირადი აზრია, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა დასახელდეს პრემიერობის კანდიდატად და 10-ის ნახევარზე, როდესაც 4 მთავარი გასული პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირდება გამარჯვება, უნდა იდგეს სალომე ზურაბიშვილი, უნდა იყოს 80 დეპუტატი თუ რამდენიც იქნება უმრავლესობა და უნდა გამოაცხადოს, რომ “ქართული ოცნება” არის დამარცხებული, გაიმარჯვა ქართულმა ოპოზიციამ და გაიმარჯვა ევროპულმა გზამ”, – განაცხადა უგულავამ “ფორმულას” ეთერში.