გუშინ დავდიოდით სოფლებში და ასაკოვანი ხალხი გვეუბნებოდა, რომ ეს სოფლები სულ დაიცალა და ისინი ძალიან განიცდიან ამას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ 12 წლის თავზე არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა სიძულვილისა.
“გურია არის აქტიური პოლიტიკურად, მაგრამ ეკონომიკურად ძალიან უჭირს აქ ადამიანებს. ის დაპირებები, რასაც აქ გასცემდა „ქართული ოცნება“, რომ 5 მილიონს გადასცემდა ყველა სოფელს, ფაქტიურად, პირიქით ხდება ყველაფერი. ამ ყველაფრით კმაყოფილი არავინ არ არის. გუშინ დავდიოდით სოფლებში და ასაკოვანი ხალხი გვეუბნებოდა, რომ ეს სოფლები სულ დაიცალა და ისინი ძალიან განიცდიან ამას. სადაც 10 წლის წინ ბავშვები თამაშობდნენ ეზოში ახლა ხეებია ამოსული. ეს არის რეალობა, მე არ მიყვარს აპოკალიფსის დახატვა, მაგრამ, რომ მიდიხარ ადგილობრივებთან ამ ყველაფერს ხვდები. წინა წლის მარტივ სტატისტიკას ვიტყვი, რომ შეგვექმნას წარმოდგენა რაზეა საუბარი – დაიბადა, 917 ადამიანი და გარდაიცვალა 1702 ადამიანი. ოზურგეთში 500 ადამიანი დაიბადა, 925 გარდაიცვალა. ლანჩხუთში 224 ადამიანი დაიბადა, 454 გარდაიცვალა. 159 დაიბადა ჩოხატაურში და 323 გარდაიცვალა. ორჯერ მეტია, სამწუხაროდ, გარდაცვალება „ქართული ოცნების“ დამსახურებით. ასე თუ გაგრძელდა აქ ადამიანი არ დარჩება ისეთი, ვისაც დალხენილი ცხოვრება აქვს. დღესაც, დილას გავიღვიძეთ და დავინახეთ, რომ გამოაკრეს რაღაც გაუგებარი პლაკატები, მაშინ როცა, ჩვენ ამ დროს ვაკრავთ პოსტერებს, სადაც წერია, რომ პენსია შეიძლება იყოს 1000 ლარი. “ოცნება“ მოსახლეობას გეშავს და აპირისპირებს ერთმანეთთან. 12 წლის თავზე არაფერი აქვთ სათქმელი, გარდა სიძულვილისა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.