ჩვენ გამოვხატეთ თანხმობა, რომ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციით შეირჩევა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და მათ შორის, პრეზიდენტსაც დაველაპარაკებით ამ საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, არ არის ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ამბავი, რადგან უდიდესი ომია წინ.
“ჩვენ, როდესაც ვხვდებით მოქალაქეებს სხვა გამოწვევებს ვხედავთ და მერწმუნეთ, არც ერთი მოქალაქე არ გვეკითხება ვინ იქნება პრემიერი. მათ აწუხებთ ის, რომ ევროკავშირში წევრობას ვკარგავთ და გაცილებით უკეთესი პირობები და ცხოვრება უკავშირდება ევროკავშირს. თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს ამ წუთს არჩევნების მერე, როგორ იქნება მისი ცხოვრება უკეთ უზრუნველყოფილი. ამ შემთხვევაში, ჩვენც ვთვლით, რომ, როდესაც ასეთი მძიმე შრომა გვაქვს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებს, რაღაც ეტაპზე უნდა გავიაროთ ეს გზა და გავიმარჯვოთ, რაც სალომე ზურაბიშვილსაც უნდა და სტაბილურად გადავიდეთ წინსვლის ეტაპზე, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის ეს საკითხი სასწრაფოდ მოსაგვარებელი ამბავი, რადგან ჩვენ გამოვხატეთ თანხმობა, რომ პოლიტიკურ აქტორებთან კონსულტაციით შეირჩევა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და,მათ შორის, პრეზიდენტსაც დაველაპარაკებით ამ საკითხთან დაკავშირებით.
რატომღაც შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ ჩვენ ვალში ვთვლით თავს, რადგან პრეზიდენტმა საქართველოს ინტერესების დაცვა დაიწყო. ისეთი რეალობა გვაქვს, რომ არ დარჩა ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელიც ქვეყნის ინტერესებით იმუშავებდა და დარჩა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ამ კრიტიკულ ვითარებაში და ასრულებს ახლაც საზღვარგარეთ და ქვეყნის შიგნით. რატომ უნდა ვიჭიდაოთ იმაზე არჩევნებამდე დავასახელებთ თუ არჩევნების მერე, როდესაც, გულწრფელად გითხრათ, ძალიან დიდი ომი გვაქვს. ანი წითლიძეს ბრიფინგებს უყურებს ხალხი? წითლიძე დადის და ადამიანებს, რომლებსაც პირადობის მოწმობებს ართმევს „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი შედის და მაგათგან უკან მოაქვს ეს პირადობები, რადგან ხალხს დაუბრუნოს. ჩვენ ასეთ დაუნდობელ ომში ვართ და არ გვაქვს იმის დრო, რომ ამაზე ვისაუბროთ. ამის დრო არის არჩევნების მერე და რა პრობლემაა ის, რომ ეს ყველაფერი იყოს არჩევნების შემდეგ? მთავარია, რომ ყველა აქტორი იყოს შეთანხმებული და მერწმუნეთ, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ არ არის არც ერთი პროცესის შემაფერხებელი, პირიქით ერთიანი სიაც რომ ყოფილიყო, ჩვენ ვიყავით მომხრე ყველანაირ პირობაზე წავსულიყავით“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.