აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მას აფრთხილებდა, რომ უკრაინაში შეჭრას გეგმავდა. ინფორმაციას The Telegraph ავრცელებს.
“ის [პუტინი] მე ამის თაობაზე [უკრაინაში შეჭრაზე] მეუბნებოდა, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ ის ამაზე წამსვლელი არ იყო“, – განაცხადა ტრამპმა პენსილვანიის შტატის ქალაქ ოუქსში წინასაარჩევნო მიტინგის დროს.
ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში პუტინი უკრაინაში შეჭრას ვერ გაბედავდა. “მე ძალიან კარგად ვაგვარებ საკითხებს პუტინთან“, – აღნიშნა მან.
ტრამპი დარწმუნებულია, რომ პუტინი უკრაინაში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის გამო შეიჭრა. ყოფილმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მას კარგი ურთიერთობები ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთანაც.
„ბაიდენმა ვერაფერი მოახერხა. მას პუტინთან ერთ წელზე მეტია არ უსაუბრია. ეს არის ომი, რომელიც უნდა დასრულდეს, და მე მას დავასრულებ… მე შევეცდები დავასრულო ეს ომი, როგორც კი ამირჩევენ პრეზიდენტად. მე მსურს, რომ ადამიანები აღარ კვდებოდნენ, ეს არის და ეს“, – განაცხადა ტრამპმა.