სენაკსა და ზუგდიდში მოქმედებს “ძალოვანთა შტაბი”, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებს პირადობებს ართმევს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აქვთ შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებსაც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას გადასცემენ.
“დღეს მე დავასახელებ ადამიანებს, რომლებიც სენაკსა და ზუგდიდში ასრულებენ უკანონო დავალებას და პირადობის მოწმობებს ართმევენ იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოპოზიციურად არიან განწყობილი, რათა ისინი არ მივიდნენ არჩევნებზე. ჩემს მიერ დასახელებული პირები იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორ თანამშრომლობს კრიმინალი და სახელმწიფო ერთმანეთთან, “ქართული ოცნების” სასარგებლოდ.
სენაკში მოქმედებს პირადობის მოწმობების ჩამორთმევით დაკავებული ე.წ. ძალოვანთა შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს სამეგრელოს სამხარეო პოლიციის უფროსი გიგა ზესაშვილი. ასევე სენაკში, პირადობის მოწმობების ჩამორთმევაში არიან მხილებული პოლიციის თანამშრომლები: ბადრი გოგინავა – სამხარეო პოლიციის თანამშრომელი, ბუთხუზი სირია – ნოსირის პოლიციის განყოფილების უფროსი, კახა ჭაავა – ზანის განყოფილების უფროსი, ასევე, მერიისა და აიიპ-ის თანამშრომლები: ბეჟან გუნია, მონიკა ვასილევა, სოსო მატახერია, დათო საჯაია, თორნიკე ჯიჯეიშვილი. ზუგდიდში პირადობის მოწმობების ჩამორთმევებს ორგანიზებას უწევს დათო შენგელია, ე.წ. ტყის ძმების მეთაური; გია ყალიჩავა პოლიციის თანამშრომელი, გიზო ვეკუა “ოცნების” აქტივისტი, ირაკლი ჯიქია – შსს-ს თანამშრომელი და ლაშა ვეკუა – საპატრულო პოლიციის თანამშრომელი.
მივმართავ თითოეულ ამ ადამიანს, ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, როგორ აშინებთ მოსახლეობას და მათ გადავცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას. თქვენი მცდელობების მიუხედავად, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” 26 ოქტომბერს სამეგრელოში და მთელ საქართველოში იქნება გამარჯვებული პარტია და თქვენ მოგიწევთ, პასუხი აგოთ თქვენს უკანონო ქმედებებზე. მოვუწოდებ შსს-ს, მოახდინოს დაუყოვნებელი რეაგირება ზემოთ აღნიშნული პირების უკანონო ქმედებებზე”, – განაცხადა წითლიძემ.