spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა გოგოლაშვილი – ვერ გააუქმებენ “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიანაც რომ უნდოდეთ, მაშინ “ბართლომეს ღამე” უნდა მოაწყონ

ვერ გააუქმებენ “ნაციონალურ მოძრაობას” ძალიანაც რომ უნდოდეთ. “ნაციონალურ მოძრაობას” 30% მაინც უჭერს მხარს და მაშინ “ბართლომეს ღამე” უნდა მოაწყონ, – ამის შესახებ Front News-თან ინტერვიუში ექსპერტმა კახა გოგოლაშვილმა განაცხადა.

– ბატონო კახა, როგორ შეაფასებთ  26 ოქტომბრის წინასაარჩევნო გარემოს და არის თუ არა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობა და საფრთხე?

– გაყალბების შანსები ახლა უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს წინა არჩევნებზე იყო, იმიტომ, რომ ახლა უფრო მომზადებულია საზოგადოება, დამკვირვებლები. არჩევნებიც ელექტრონულად ტარდება და რისკები ნაკლებია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების ხელშეწყობად ვერ მივიჩნევ იმ ფაქტს, რომ საქართველოს უამრავი ემიგრანტი მოქალაქე არჩევნებს გარეთ დარჩა, ყველას არ მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, რადგან არ გაიხსნა დამატებითი უბნები. ამის პარალელურად, გაყალბების გარკვეული რესურსი მაინც არსებობს, რადგან არ ვიცით, როგორ იქნება ძალადობის აღკვეთის საკითხი, მაგრამ არა მგონია, ისეთი მასობრივი იყოს ეს, რომ გადაწონოს ხალხის რეალური ნების გამოხატვა.

– რაც შეეხება 20 ოქტომბერს დაგეგმილ მარშს, რა შედეგის მომტანი შეიძლება იყოს? რამდენად მოხერხდება ერთიანი ნების დემონსტრირება?

– მარში ნორმალურია. ნებისმიერ ქვეყანაში ხდება ხოლმე ხმების მობილიზება არჩევნების წინ. აქ მთავარია, რომ ამ მარშმა მშვიდობიანად ჩაიაროს და არ იყოს პროვოკაციები. პროვოკაცია ოპოზიციის ინტერესში არ შედის. რაც შეეხება “ოცნების” მარშს, ეს არის იძულებით ჩამოყვანილი ხალხი, რომლებიც სახლებში ძალიან სწრაფად გარბიან. ოპოზიციის მარში კი  იქნება სრულიად ნებაყოფლობითი და მრავალფეროვანი. ეს მარში ასახავს ოპოზიციის მხარდაჭერას.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია კოალიციური მთავრობის შექმნა?

– კოალიციური მთავრობის შექმნის შესაძლებლობა ძალიან რეალურია, მაგრამ ნუ ვიტყვით, რომ მარტივი პროცესი იქნება. არ უნდა დაავიწყდეს ოპოზიციას, რომ სულ ორი კვირა აქვთ იმისთვის, რომ მთავრობა ჩამოაყალიბონ. აქ საჭიროა, არჩევნებამდე ყოველდღიურად ჩაატარონ ინტენსიური მოლაპარაკებები, რომ მონახაზი ჰქონდეთ და არჩევნებზე არ დაიწყონ ელემენტარულ საკითხებზე კამათი და ხელის გადაწევა. კოალიციის შექმნა სრულიად შესაძლებელია, იმიტომ, რომ საბოლოოდ, აქ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი. საუბარია, იქნება საქართველო ევროპული ქვეყანა, თუ იქნება რუსეთის ორბიტის ქვეშ მყოფი ამორფული სახელმწიფო, რომელიც დაიწყებს დეგრადაციას.

– რამდენად იაზრებენ ოპოზიციური პარტიები თავიანთ პასუხისმგებლობას?

– ამ ვითარებაში, მე მგონია, რომ სრულად იაზრებენ ოპოზიციური პარტიები პასუხისმგებლობას. არ მჯერა, რომ ამდენი მოტივაცია, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალებს გააჩნიათ პარტიკულარისტულია და მათი სურვილი თანამდებობა და პოლიტიკური ბერკეტია. იმდენად დიდია ახლა საზოგადო ინტერესი და ამ პოლიტიკოსების როლი იმდენად დიდია, რომ არ მგონია, რომ გაცვალონ ხალხის ნება და დაახურდაონ ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობა საკუთარ ინტერესზე.

– რისი პროგნოზირება შეიძლება არჩევნების დასრულების შემდეგ, რას უნდა ელოდოს მოსახლეობა? არის თუ არა მორიგი მასშტაბური აქციების გამეორების შანსი?

– მოდით, შევთანხმდეთ, ყველა გამოკითხვებიდან ჩანს, რომ “ოცნება” ვერ გაიმარჯვებს მარტო, ამიტომ “ოცნებას” აუცილებლად დასჭირდება პარტნიორი. ძნელად წარმოსადგენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი გარიგებაზე წავა “ოცნებასთან”. რაც შეეხება საზოგადოებას, საზოგადოება იმდენად პოლარიზებულია, რომ ნებისმიერ მთავრობას გაუჭირდება ამ საზოგადოების მშვიდობიანად დაბრუნება ნორმალურ კალაპოტში. ამიტომ, აქ დიდი სიბრძნეა გამოსაჩენი, რომ ეს პოლარიზაცია მოიხსნას. რაც შეეხება უშუალოდ აქციებს, თუ იქნება გაყალბება, აქციებს უნდა ველოდოთ.

– რაც შეეხება მმართველი პარტიის განცხადებას, რომ არჩევნებში უმრავლესობის მოპოვების შემდეგ “ნაციონალურ მოძრაობას” და მის სატელიტებს გააუქმებენ, რამდენად რეალურია ეს?

– ასეთი ლოზუნგები არ შეიძლება მუშაობდეს, არ შეიძლება ეს მოხდეს, რადგან იმ პარტიასაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს და პატივი უნდა სცე ამ ამომრჩეველს, რომლებიც მანდატს აძლევენ თავიანთ დეპუტატს.

ვერ გააუქმებენ, ძალიანაც რომ უნდოდეთ. “ნაციონალურ მოძრაობას” 30% მაინც უჭერს მხარს და მაშინ “ბართლომეს ღამე” უნდა მოაწყონ, რომ  როგორც ჰუგენოტები გაწყვიტეს კათოლიკეებმა, ისე გააკეთონ ამათაც. ასეთ “ბართლომეს ღამეს” არავინ მოაწყობინებთ, მოდით, პირდაპირ ვთქვათ, ეს დაღუპვა იქნება. მოწოდება თავად ძალიან მავნეა. ამასთანავე, თუ გაუქმება უნდოდათ, რაღა 12 წლის მერე მოუნდათ.

ეს ხდება საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც “ოცნების” მიმართ სკეპტიკურია, “ნაცები” არ გაანადგურესო. ეს საარჩევნო ტრიუკია, მაგრამ ეს თუ ასე არ არის, მაშინ ფაშისტური მოწოდებაა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები