თეატრი „სახელოსნო 42“ ლევან წულაძის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით – კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.
თეატრის გენერალური სპონსორია თიბისი კონცეპტი და Visa.
თიბისი კონცეპტის Visa ბარათის მფლობელებისთვის მეოთხე რიგის ბილეთებზე მოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
გაეცანით ოქტომბერ-ნოემბრის აფიშას:
27 ოქტომბერი, 2, 10 და 14 ნოემბერი | „TooTsie“.
სპექტაკლის იდეა ამავე სახელწოდების ფილმიდან მოდის, თუმცა მთავარი აქცენტი მსახიობის პროფესიისადმი სიყვარულზე და თავგანწირვაზეა. ეს არის ამბავი მსახიობის უამრავი ფიქრის, ტკივილის, გრძნობების და იმ მთავარი მისიის შესახებ, რომელიც საკუთარ თავს თავადვე განუსაზღვრა და ამ მისიის შესასრულებლად ყოველ დღე იბრძვის.
29 და 30 ოქტომბერი, 7 ნოემბერი | „დონ ჟუანი“
ეს არის სპექტაკლი გმირის სულიერ კრიზისზე, ადამიანზე, რომელიც სიყვარულს ეძებს და ამ ძიებაში საკუთარ თავს კარგავს… ეს არის სპექტაკლი ვნებებზე, შეცდომებზე და აქედან გამომდინარე − მძიმე სასჯელზე, ასევე, თავგადასავალზე და ამ სამყაროში სიმართლისა თუ სიყვარულის აღმოჩენისკენ სწრაფვაზე.
31 ოქტომბერი, 15 ნოემბერი | „ოტელო“
ოტელო – სიყვარული ომის შემდეგ. ომი არამხოლოდ სამყაროს დამანგრეველი ძალაა, არამედ ადამიანების დაშლის მდგომარეობა, ომიდან ადამიანები სახლში ბრუნდებიან, ცოცხალია მათი მეხსიერებაც. მკვლელობა დანაშაული აღარ არის, როდესაც თავად ფსიქოლოგიურად შეცვლილები ბრუნდებიან. ვნება, სიყვარული, უკეთესი მომავლის იმედი? თუ ეჭვისა და შურისძიების გზების ძიება.
1 ნოემბერი | „ფრეკენ ჟული“
“ფრეკენ ჟული“ ერთ-ერთი ყველაზე, საინტერესო, მრავლისმთქმელი და ღრმა პიესაა სარეჟისორო და სამსახიობო თვალსაზრისით. ეს არის ამბავი, კლასობრივად სრულიად სხვადასხვა საფეხურზე მდგომ ადამიანებზე, რომლებიც სურვილების და მანიპულაციის გამაბრუებელ ფერხულში ებმებიან.
3, 5 ნოემბერი და 12 ნოემბერი | „1921-1924“
სპექტაკლში მოქმედება საქართველოს დამოუკიდებლობის ბოლო დღეების და ბოლშევიკური რეპრესიების ფონზე ვითარდება. საქართველოს გასაბჭოებამ თაობებს წაართვა მომავალი, ოცნება, მთლიანად ცხოვრება და დიდი ხნით გამოუვალ, ტრაგიკულ მდგომარეობაში გამოკეტა.
6 ნოემბერი | „დირიჟორი“
1946 წელს ნიურნბერგში, ბერლინის სახელმწიფო ორკესტრის მთავარ დირიჟორს – ფურტვენგლერს ასამართლებენ.
დებორა არნოლდი ცნობილი გერმანელი დირიჟორის, დოქტორ ფურტვენგლერის წარსულის გამოძიებას ცდილობს. დაკითხვის ოთახი განსხვავებული იდეოლოგიების ბრძოლის ველად იქცევა: შეიძლება თუ არა, გამიჯნო ხელოვნება და პოლიტიკა? იცხოვრო და იმუშაო მშვიდად, მას შემდეგ რაც ეშმაკს ჩამოართვი ხელი? შეუძლია მუსიკას ადამიანის სულის გათავისუფლება? რონალდ ჰარვუდის ეს დამატყვევებელი პიესა ამ და ბევრ სხვა მნიშვნელოვან შეკითხვას სვამს, თუმცა პასუხის მოსმენა მარტივი არ იქნება.
(R)