ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დღის წესრიგში დგას, რომ ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს იცოდეს დაახლოებით, რა კრიტერიუმებით მოხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც ის რეფორმები უნდა განახორციელოს, რაც “ქართულ ქარტიაში“ წერია, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება.
“არჩევნებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და პრეზიდენტი, ალბათ, მაქსიმალურად ეცდება, რომ საბოლოო კონსენსუსამდე იქნეს მიღწეული და საბოლოოდ მიიღებს თავად გადაწყვეტილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რომელიც დღის წესრიგში დგას, რომ ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს იცოდეს დაახლოებით, რა კრიტერიუმებით მოხდება შერჩევა იმ ადამიანების, ვინც ის რეფორმები უნდა განახორციელოს, რაც „ქართულ ქარტიაში“ წერია. კრიტერიუმებთან ერთად, ალბათ, ამ დარჩენილ დროში იქნება მცდელობა შეთანხმება მოხდეს ვინ იქნება მომავალი პრემიერ-მინისტრი, ახალი მთავრობის მეთაური, ხოლო, სხვა პოზიციებზე არ მგონია, რომ ყველა პოზიციის შეთანხმება ახლა მოხდეს, რადგან ძალიან ცოტა დროა დარჩენილი და შეიძლება, ეს საკითხი შემდეგ გაგრძელდეს. მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით შეთანხმება და ამაზე ბევრი გვისაუბრია. ჩემთვის პირადად, ბევრი წელია ძალიან მნიშვნელოვანი საჭიროებებიდან არის მთავარი რა უნდა გააკეთოს ან იმ პრემიერმა, ან იმ მინისტრებმა, რომლებიც იქნებიან ახალ მთავრობაში პარლამენტის დავალებით“, – განაცხადა ბესელიამ.
12 ოქტომბერს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ – ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.