spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გაიხსნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა გახსნა.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

“გილოცავთ. ისტორიული პროექტი დასრულდა – ჩვენს ულამაზეს დედაქალაქს დაუბრუნდა მისი მშვენება, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო. 66 წლის წინ დაწყებული ისტორია დღეიდან ახალ სიცოცხლეს იძენს. ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და არის, შევინარჩუნოთ დედაქალაქის ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი და მივანიჭოთ მას ახალი სიცოცხლე. მე იმედი მაქვს, ეს საბაგირო გზა გახდება უამრავი ადამიანის ბედნიერი წუთების, მოგონებების, თავგადასავლების ადგილი.

“საბაგირო გზის რეაბილიტაცია 2021 წელს დავიწყეთ. ეს არის წრიული, ერთბაგირიანი, გონდოლური საბაგირო გზა, რომელიც წარმოადგენს რთულ საინჟინრო ნაგებობას. აქ შედის ქვედა და ზედა სადგურები და სადგურებს შორის არსებული 5 საყრდენი ანძა. ცალკე აღნიშვნის ღირსია რუსთაველზე მდებარე ქვედა სადგურის უნიკალური ინტერიერი, რომელიც სრულად განახლდა. პირველადი პროექტი ითვალისწინებდა საბაგიროს მოწყობას ამ შენობის გარეშე და ქვედა სადგური უნდა მოწყობილიყო რესპუბლიკის მოედანზე. შემდეგ მოგვიწია პროექტის გადაკეთება იმისთვის, რომ ისტორიული შენობა-ნაგებობა უფუნქციოდ არ დარჩენილიყო. დღეს ხედავთ, როგორი ლამაზია ის აღნიშნული სამუშაოების ჩატარების შემდეგ. ასევე, აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო 5 საყრდენი ნაგებობა. მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი  გონდოლა მოემსახურება და მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით, საათში 1200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად “მთაწმინდის პარკის” ადმინისტრაციას გადაეცა.

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის საბაგირო გზის სამშენებლო ნაწილზე პასუხისმგებელი იყო სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო ნაწილი განახორციელა საერთაშორისო კომპანია „დოპელმაიერმა“. პროექტის საერთო ღირებულება 50 მლნ ლარია.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები