ევროპული მარშის – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მონაწილეები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ.
ევროპული არჩევანის მხარდამჭერ მარშში მონაწილეობისთვის მოქალაქეები თბილისის ხუთ სხვადასხვა ადგილას შეიკრიბნენ. მსვლელობები დაიწყო გმირთა მოედნიდან, რესპუბლიკის მოედნიდან, სამასი არაგველის ძეგლიდან, მთაწმინდიდან და მარჯანიშვილის მოედნიდან.
მარშში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ ოპოზიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და აქტივისტები სხვადასხვა კუთხიდან.
როგორც მარშის მონაწილეები აცხადებენ, მათი მთავარი მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის.
“კარზე მოგვადგა თავისუფლება, კარზე მოგვადგა ევროპა. 6 დღე გვაშორებს ჩვენ თავისუფლებასთან და ევროპასთან დაახლოებას. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ადამიანი გამოვედით, ამით ძალიან გავუადვილებთ “ქართულ ოცნებას“, რომ წაგებული აქვს არჩევნები. 27-ში ჩვენ გვაქვს დიდი გამარჯვების დღე, ეს მოხდება აუცილებლად“, – განაცხადა საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ.
გამომსვლელების მიმართვების შემდეგ თავისუფლების მოედანზე აქცია-კონცერტი გაიმართება.