„ნაცმოძრაობას“ თავის დროზე იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი და იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აქციის მონაწილეებისთვის ლაზერის მინათების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდებმა საკუთარი პოზიცია გამოხატეს.
“ისინი, როგორც ჩანს, იყვნენ სამოქალაქო აქტივისტები. შეიძლება, პარტიის წევრებიც იყვნენ მათი ნაწილი, მაგრამ ისინი არიან სამოქალაქო აქტივისტები. როგორც იგორ ნარმანია და სხვა „ნაციონალი“ ახალგაზრდები იყვნენ გულწრფელი სამოქალაქო აქტივისტები, რატომ არის გამორიცხული, რომ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი იყოს სამოქალაქო აქტივისტი. ესენი არიან სამოქალაქო აქტივისტები, მათ აქვთ სამოქალაქო პოზიცია და გამოხატეს ეს სამოქალაქო პოზიცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი გადმოსახედიდან არიან უღირსი. იმდენი დანაშაული აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ თავის დროზე იმდენი ადამიანი ჰყავს გამწარებული, არ მიკვირს, რომ მრავლად არიან ასეთი ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას ამ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც სურთ ხელისუფლებაში ამ რეჟიმის წარმომადგენლების დაბრუნება. ეს ყველაფერი აბსოლუტურად გასაგებია ჩემთვის. რაც შეეხება ლიბერალურ ფაშიზმს, რომლის მორიგი აქტი ვიხილეთ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, ეს რადიკალურად მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ვინმეს რამის უნდა რცხვენოდეს, ესენი არიან ის ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან „ნაცმოძრაობას“.