spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე დოკუმენტური ფილმის – “საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე“ პრემიერას დაესწრო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირაკლი მეზურნიშვილის დოკუმენტური ფილმის, „საქართველო-ჩინეთი, მესამედი საუკუნე” პრემიერას დაესწრო.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველო-ჩინეთს ურთიერთობებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას, რასაც ადასტურებს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება.

პრემიერმა ორი ქვეყნის ურთიერთობების გაძლიერებაში შეტანილი წვლილისთვის ჩინეთის ელჩს ჭოუ ციენს მადლობა გადაუხადა.

“ქართულ-ჩინურ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იყო შარშანდელი წელი,  როდესაც გაფორმდა სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება, რამაც სულ სხვა დონეზე აიყვანა ურთიერთობები. მას შემდეგ განსაკუთრებულად სწრაფი ტემპით ვითარდება ჩვენი ურთიერთობები, იქნება ეს პოლიტიკური, ეკონომიკური თანამშრომლობა, თუ ურთიერთობები კულტურის და სხვა სფეროებში “, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ჩინეთი არის სახელმწიფოს მოდერნიზაციის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მნიშვნელოვანია ჩინელი პარტნიორების წვლილი საქართველოს განვითარებაში.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ ჩინელი პარტნიორები ჩართული იქნებიან ანაკლიის პროექტის განხორციელებაში. ეს მნიშვნელოვანი პროექტი რამდენიმე წელიწადში სრულიად ახალ სტიმულს მისცემს მთლიანად ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჩინეთთან პოლიტიკურ ურთიერთობებზე და აღნიშნა, რომ თანამედროვე სამყაროში, ჩინეთი არის ის სუპერ სახელმწიფო, რომელიც თავიდან ბოლომდე მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს.

“ჩინეთი აძლევს კარგ მაგალითს სხვა სუპერ სახელმწიფოებს, თუ როგორ შეიძლება, იზრუნო საკუთარი სახელმწიფოს პოზიციების გაძლიერებაზე ისე, რომ არ შეუქმნა რაიმე სირთულე მშვიდობას მსოფლიოში და პირიქით, თავად იყო მშვიდობის ხელშემწყობი, მშვიდობის გამავრცელებელი სხვა სახელმწიფოებში. გეოგრაფიასაც თუ გადავხედავთ, ჩინეთის გარშემო ყველაზე მრავლად გვხვდება ის სახელმწიფოები, სადაც არის უზრუნველყოფილი მშვიდობა და ქვეყნების მშვიდობიანი განვითარება. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის სამაგალითოა ჩინეთის სახელმწიფო და შესაბამისად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამ ურთიერთობების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, პოტენციალი ძალიან დიდია და საუკეთესსო პერსპექტივები გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა ტურიზმის მიმართულებით არსებულ პროგრესს და განაცხადა, რომ ტურიზმი არის არა მარტო ეკონომიკის დარგი, არამედ ხელს უწყობს ხალხთაშორისი ურთიერთობების განვითარებას.

“ჩვენ გვაქვს მზარდი დინამიკა. სულ უფრო მეტი ჩინელი ვიზიტორი ჩამოდის საქართველოში, ასევე ქართველები სულ უფრო მეტად სტუმრობენ ჩინეთს. ამას ხელს უწყობს პირდაპირი ფრენები, რომლებიც აღდგა ორი წლის წინ ჩინეთსა და საქართველოს შორის. ამისთვისაც, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩინელ პარტნიორებს. ყველა მიმართულებით გვაქვს არაჩვეულებრივი დინამიკა. დარწმუნებული ვარ, მომავალი წლების განმავლობაში ეს ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად განვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრმა დოკუმენტური ფილმის ავტორს ირაკლი მეზურნიშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ფილმი საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობების განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს.

ფილმის პრემიერაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა ჩინეთის ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა. პრემიერას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები