spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

შალვა პაპუაშვილი – 53 საჩივრიდან 39 ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, 14 წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას

დარღვევებთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიაში ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სულ შესულია 53 საჩივარი, ძირითადად დადარაჯებული არიან ფეისბუქპოსტებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს წარმოგიდგენთ მონაცემებს, რომელიც შეეხება დარღვევებთან დაკავშირებით შესულ საჩივრებს საარჩევნო კომისიაში. თქვენ ხშირად გსმენიათ ბოლო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან აპელირება, თითქოს ადგილი აქვს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, წინასაარჩევნო აგიტაციის დარღვევას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში ამ მხრივ იყო საკმაოდ პოზიტიური შეფასებები, გახშირდა არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან მცდელობა, რომ შექმნან საინფორმაციო ხმაური იმისთვის, რომ შეიქმნას აღქმა, თითქოს საქმე გვაქვს ამ ტიპის მნიშვნელოვან დარღვევებთან.

რა არის სინამდვილეში. თუკი ვნახავთ ჩვენ რა საჩივრები არის შესული საარჩევნო კომისიაში აღმოვაჩენთ, რომ ჯამურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან და საარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევასთან დაკავშირებით, ჯამში არის შესული სულ 53 საჩივარი. აქვე შეგახსენებთ, რომ ეს არასამთავრობო ორგანიზაციები და პარტიები ასევე, არ ესწრებიან უწყებათაშორის კომისიას და არ მიმართავენ უწყებათაშორის კომისიას, რომელსაც შეუძლია ასევე ასეთი საკითხების გარკვევა. 53 საჩივარი არის შესული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ხაზს გავუსვამ, აქ არ არის საჩივრები პარტიების მხრიდან, ჩვენ რა შეგვაქვს ან სხვა პარტიებს, იმისთვის უბრალოდ, რომ შევხედოთ თავად ე.წ. ადგილობრივ დამკვირვებლებს რა პოზიცია აქვთ. თუმცა, თუკი პარტიებსაც მივათვლით ამ საერთო რაოდენობას, ჯამში 90-ს არ ცდება.

ამ 53 საჩივრიდან, რომლებიც ადგილობრივ დამკვირვებლებს აქვთ შეტანილი 39 ეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, ხოლო 14 წინასაარჩევნო აგიტაციის წესების დარღვევას. აქედან, რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო ფაქტებს, 39-დან 32 არის „ფეისბუქის“ პოსტებთან დაკავშირებით საჩივრები, ხოლო რაც შეეხება წინასაარჩევნო აგიტაციას, აქაც, 14-დან 7 შეეხება საარჩევნო კომისიის წევრების „ფეისბუქ“ პოსტებს. ანუ, როგორც ჩანს ძირითადი, რითაც დაკავებული არიან დამკვირვებელი ორგანიზაციები ჩადარაჯებული არიან „ფეისბუქ“ პოსტებს. შევხედოთ ახლა სინამდვილეში რა ხდება ამ დარღვევების მხრივ, განსაკუთრებით ასევე რაც შეეხება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ერთ-ერთ ასეთ სავარაუდო დარღვევად მითითებული აქვთ ხოლმე დეპუტატების თუ დელეგატების მონაწილეობა სხვადასხვა ღონისძიებებში. ვნახოთ რამდენიმე მაგალითი, რომ დავრწმუნდეთ თუ რამდენად აბსურდულია ხოლმე მათი მიდგომა და სინამდვილეში ერთადერთ რამეს ემსახურება რომ რამენაირად სტატისტიკა შექმნან.

პირველი, ეს გახლავთ ეს „ფეისბუქ“ პოსტები, რომელიც, როგორც ვთქვი 53-დან 32 საჩივარი შეეხება „ფეისბუქ“ პოსტებს, სადაც მათი მტკიცებით არის საარჩევნო აგიტაცია. სინამდვილეში, ჩვენ გადავხედეთ რასთან გვაქვს საქმე, ძირითადად ეს არის მათ შორის, ერთ-ერთი მაგალითი, სადაც ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომელი აზიარებს კონცერტის შესახებ ანონსს, რომელიც მართალია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერის არის, მაგრამ არის კონცერტთან დაკავშირებული და მნიშვნელოვანი არის დრო – 5 საათი და 54 წუთი, ანუ სამუშაო დროის შეზღუდვით აპელირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და 6 წუთია დარჩენილი სამუშაო დროის დასრულებამდე და ეს 6 წუთი მათთვის როგორც ჩანს, ძალიან რელევანტური საკითხი არის და ეს ყოფილა გადამწყვეტი ადმინისტრაციული რესურსის მხრივ.

ასევე, მეორე მაგალითი, რომელიც მოყვანილია, 5 საათსა და 48 წუთზეა მაგალითად ეს პოსტი დადებული. აქვე უნდა ითქვას, რომ  ასეთი საჩივრები ეხება მათ შორის, მაგალითად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტს, სადაც ამ შემთხვევაში ვიცით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერია არის და შესაბამისად გაზიარებული იყო იქ, როგორც ჩანს, არ ვიცი მათ შორის, არის საჩივარი მის წინააღმდეგ. თუმცა, იმის თქმა გვინდა, რომ 53 საჩივრიდან 32 ეხება ასეთ წვრილმანებს სინამდვილეში, ანუ, არ არის რაიმე აგიტაცია იმ მხრივ, რომ მოწოდებები და ასე შემდეგ, არის კონცერტი და კონცერტის ანონსი არის ძირითადად, რაც ვნახეთ ამ საჩივრებთან დაკავშირებით.

შემდეგი ტიპის დარღვევა ეხება მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებაში და მაგალითისთვის მივყვეთ, რას თვლიან არასამთავრობო ორგანიზაციები ასეთ დარღვევებად.

მაგალითი გახლავთ „საერთაშორისო გამჭვირვალობის საჩივარი“, რომელიც ეხება ამ შემთხვევაში ასპინძის რაიონში სოფელ რუსთავში ჩატარებულ ღონისძიებას, „შოთაობა-2024“-ს, რომელსაც ესწრებოდა პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი – ესწრებოდა, არანაირ აგიტაციაზე არ მიუთითებენ, არანაირ მოწოდებებზე – ესწრებოდა მათი მტკიცებით პარლამენტის წევრობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი. ის ნამდვილად ესწრებოდა. ყველას შევახსენებ, რომ ბატონი ანტონ ობოლაშვილი გახლავთ მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი. ის არათუ ამ ღონისძიებას ესწრებოდა წელს, იგივე ღონისძიებას ესწრებოდა შარშანაც, შარშან წინაც და თუ უფრო მეტიც, შეგიძლიათ შეხვიდეთ მის ფეისბუქ გვერდზე და ნახავთ, რომ ბევრ ღონისძიებას ესწრება თავის სამაჟორიტარო ოლქში, ეს გახლავთ, მათ შორის, მაჟორიტარების ამოცანა და ფუნქცია, რომ ჰქონდეთ კონტაქტი თავის სამაჟორიტარო ოლქში მოქალაქეებთან, ასე, რომ ზუსტად ეს არის მაჟორიტარების ამოცანა, რომ დაესწრონ ასეთ ღონისძიებებს.

რაც მთავარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ვერც კი ამტკიცებს იმას, რომ რაიმე აგიტაციას ჰქონდა იქ ადგილი, რაიმე პარტიულ აგიტაციას. ესწრებოდა მაჟორიტარი დეპუტატი ღონისძიებას მის სამაჟორიტარო ოლქში. რა თქმა უნდა აბსურდულია ეს საჩივარი.

მეორე – ხულოს მუნიციპალიტეტში ღორჯომის თემში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდა. მათ შორის იყო გახსნა სპორტული დარბაზის, რომელსაც ესწრებოდა, მათი მტკიცებით, ბატონი ანზორ ბოლქვაძე, მათი მტკიცებით კანდიდატი, რომელიც გახლავთ მაჟორიტარი დეპუტატი ხულოს რაიონიდან და შესაბამისად არათუ ამას, არამედ სხვა ღონისძიებებსაც ესწრება. ეს 29 სექტემბრის ღონისძიება არის, სადაც სპორტული დარბაზი გაიხსნა და მართლაც მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. რატომღაც გამორჩათ, რომ ბატონი ანზორი 21 ოქტომბერს, როცა სტიქია და ძლიერი თოვლი იყო ხულოს რაიონში, იქაც ესწრებოდა და აკვირდებოდა, მონაწილეობდა მათ შორის სტიქიის შემდეგ გამოწვეული ზიანის აღმოფხვრის პროცესებში. ეს არის მაჟორიტარის ვალდებულება, რომ თავის სამაჟორიტარო ოლქში ჩართული იყოს, როგორც სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობით, ისე როდესაც გარკვეული პრობლემები არის და როგორც ჩანს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ან ვერ ერკვევა რას ნიშნავს მაჟორიტარი დეპუტატი ან კიდევ ერთხელ ამით აქვთ სურვილი, რომ შექმნან სტატისტიკა სხვადასხვა დარღვევების.

მესამე – „გორის დღე 2024“, რომელსაც ესწრებოდა გაგიკვირდებათ და გენო პეტრიაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც 2 თვის წინ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი, გორელი ადამიანი, რომელიც თურმე მათთვის პრობლემა არის, რომ ესწრება. კიდევ ერთხელ არ მიუთითებენ, რომ რაიმე აგიტაცია ჩატარდა ამ დღეობაზე და თურმე მათთვის ითვლება აგიტაციად ის, რომ გენო პეტრიაშვილი, ჩვენი საამაყო ოლიმპიელი თავის თანაქალაქელებთან ერთად იყო. ასევე საინტერესოა მითითება – ჩანსო, რომ გამოყენებული იყო სიმბოლიკაო. დიდი ხანი ვეძებეთ სად იყო ეს სიმბოლიკა, გვაინტერესებდა მაისურები ეცვათ ან რაღაცები დარიგდა და ა.შ. და მივაკვლიეთ ფოტოს მართლაც, სადაც სიმბოლიკა ყოფილა თურმე გამოყენებული, რასაც გულისხმობენ. ხედავთ აქ მარჯვენა მხარეს გადაღებულია ხალხი და უკან ფონზე ჩანს ბილბორდი, რომელიც ქალაქში ჩვეულებრივად არის გამოფენილი და ფონში ფოტოში არის მოხვედრილი ბილბორდი, უკან მარჯვნივ რთულია რომ შეამჩნიოთ, ჩვენც გაგვიჭირდა თავდაპირველად, რომ მოგვეძებნა და ამას უთითებენ, როგორც პარტიული სიმბოლიკის გამოყენებას ღონისძიების დროს. თუკი ფიქრობენ, რომ ქალაქი უნდა გადაკეთდეს იმის გამო, რომ კმაყოფილი იყოს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ეს არ ვიცი, შეიძლება მათი მოლოდინები ეს არის.

კიდევ ერთი საკითხი ეხება, ბათუმში ხელვაჩაურის რაიონში ჩატარებულ ღონისძიებას, რომელსაც ესწრებოდა არჩილ ბერიძე, რომელსაც არც ამ საჩივარში წერია, რომ რაიმე აგიტაცია აქვს ჩატარებული – ესწრებოდა ადამიანი, რომელიც დიახ გახლავთ ჩვენი პარტიული სიის წევრი და დელეგატი ბათუმიდან და განსაკუთრებით საინტერესო არის, როგორ ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ მიზანი რა არის, რომ მოხდეს არჩილ ბერიძის პოპულარიზაცია. არ ვიცი ახლა „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“ ქართული მუსიკები და სიმღერები ისე არ მოსწონთ, მათი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მაგრამ არ მგონია აჩიკო ბერიძეს სჭირდებოდეს პოპულარიზაცია ან წარდგენა მთლიან საქართველოში და განსაკუთრებით, როცა ვსაუბრობთ აჭარაზე.

ამიტომ, აი ასეთი აბსურდული საჩივრები არის, რაც შეეხება მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, რასაც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას ეძახიან, შეგახსენებთ, რომ სულ 8 შემთხვევაა არის მათი მხრიდან გასაჩივრებული და აი ეს შემთხვევები არის ზუსტად, სადაც ვერც კი ამტკიცებენ, რომ მიდის რაიმე აგიტაცია  და ადამიანი, ოლიმპიური ჩემპიონი, თავის ქალაქში, თავის ქალაქის დღეობას, რომ ესწრება ეს არის თურმე პრობლემა. ის, რომ მაჟორიტარი დეპუტატი მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ღონისძიებებში თავის მაჟორიტარულ ოლქში ეს ჰგონიათ თვითონ პრობლემა. ამიტომ, ესეც აჩვენებს, რომ სინამდვილეში არანაირი ხელმოსაკიდი რაიმე დარღვევები მათ არ აქვთ, სხვათა შორის თუ შევხედავთ მათ შორის  ამ ფეისბუქ პოსტებთან დაკავშირებით, ხომ როგორც გითხარით, სულ 32 შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული ზუსტად აი იმ ტიპის, რაც მე გითხარით, სადაც ან ვიღაცას კონცერტის ანონსი უდევს, ან სხვა მსგავსი არა სააგიტაციო საკითხი. დიდი ტექსტები და მოწოდებები დაფიქსირებული არ აქვთ, რაც არის სულ 32 შემთხვევა, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გვყავს 45 000 საჯარო მოხელე და 45 000 საჯარო მოხელიდან ბოლო თვეების განმავლობაში, საარჩევნო კამპანია, რაც მიდის 2 თვე, აღმოაჩინეს სულ 32 შემთხვევა რომელზეც აქვთ პრობლემა, რომელიც თავის მხრივ კიდევ პრობლემურია თუ რამდენად არის დარღვევა, რაც წარმოადგენს 0.07 %-ს საჯარო მოხელეებისა, ამიტომ რა თქმა უნდა, როდესაც საუბრობენ, რომ თითქოს ადმინისტრაციული რესურსის თითქოს ამ მხრივ გამოყენება ხდება და ამას რაიმე გავლენა შეიძლება ჰქონდეს, 0.07 % საჯარო მოხელეებისა არის, რომელზეც მათ საჩივარი აქვთ დაწერილი. სხვათა შორის, რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებები არ არის მიღებული, გარკვეულ შემთხვევებში დაკმაყოფილებული არ არის, ასე რომ  ეს ჯერ კიდევ დასადგენია რაიმე დარღვევა იყო თუ არა და მეორე ტიპის დარღვევა, ასევე, შეეხებოდა საარჩევნო კომისიის წევრების მხრიდან სოციალურ მედიაში აქტივობას  7 ასეთი შემთხვევა არის მათი მხრიდან გასაჩივრებული, თუ შევხედავთ სულ ჯამში არის 53 000 კომისიის წევრი და შესაბამისად 7 შემთხვევა არის 0.02 % კომისიის წევრებისა.  აი ეს არის ზუსტად ჭიქაში ქარიშხლის ატეხა, რასაც ცდილობს დღეს ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თან ვინ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ , რომელიც ცნობილ იქნა საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტად და შეგახსენებთ, რომ ეს დადასტურებულ იქნა მათ შორის სასამართლოს მხრიდანაც, რომ მათ აქვთ საარჩევნო მიზანი, და ვინ ორგანიზაციას, რომელსაც სულ ახლა ხანს 20 ოქტომბერს უცხოური ფულით დააორგანიზეს საარჩევნო ღონისძიება, პარტიული ღონისძიება, „ქართული ოცნების“  წინააღმდეგ, თავად არღვევენ და შემდეგ ცდილობენ, რომ სხვას დარღვევები დააბრალონ  და რა დროს, მაშინ როდესაც ჩვენს მიმართ არსებულ დარღვევებზე ან ჩუმად არიან, ან პირიქით დარღვევას უჭერენ მხარს, შეგახსენებთ, რომ დღემდე უფასო პოლიტიკური რეკლამის დრო იბლოკება ჩვენთვის  „ლოლოს“ კუთვნილ –  „ტვ პირველში“  კეზერაშვილის კუთვნილ – „ფორმულაში“ და გვარამიას კუთვნილ – „მთავარ არხში“.  5 საათზე მეტი უფასო სარეკლამო დრო დაიბლოკა და ამაზე ადგილობრივი ე.წ  სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც ჩანს უკვე ყველანაირად, რომ ემზადებიან ყალბი ანგარიშების გამოქვეყნებისთვის ამაზე დუმან. ასევე,  საარჩევნო ბილბორდების დაზიანება –  ქუთაისში და გონიოში, გახსოვთ, რომელზეც ასევე დუმან. საარჩევნო პლაკატების დაზიანება – გორში, ხარაგაულში, თბილისში, ზუგდიდში, რომელზეც ასევე დუმან,  საარჩევნო აგიტაციაში ხელის შეშლა – ქუთაისში, ზუგდიდში, ხარაგაულში, რომელზეც ასევე, დუმან.

ასე რომ ეს აჩვენებს კიდევ ერთხელ, რომ ზოგიერთი ადგილობრივი სადამკვირვებლო ე.წ. ორგანიზაცია, რომლებსაც ფაქტია, რომ აქვთ საარჩევნო მიზანი და ეს მიზანი ჩვენ დავინახეთ ძალიან კარგად მათ შორის, 20 ოქტომბერს და კიდევ ერთხელ ესეც გახლავთ საარჩევნო დარღვევა, როდესაც უცხოური ფულით მოხდა პირველად საქართველოს ისტორიაში, უცხოური ფულით ღიად მოხდა საარჩევნო ღონისძიების ჩატარება 20 ოქტომბერს და აქ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ შესაბამისი ინფორმაცია მიიღოს საზოგადოებამ, ვისი ფული იყო, როგორ დაიხარჯა ეს ფული და ასე შემდეგ. და კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ, რომ ეს არის აკრძალული ქართული კანონმდებლობით, რომ უცხოური ფულით ფინანსდებოდეს, საარჩევნო ღონისძიებები.

ამავე დროს, მინდა მეორე საკითხზეც გავამახვილო თქვენი ყურადღება, გუშინ მქონდა მე ამაზე საუბარი. გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოაქვეყნა გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც ეხება რუსეთში მოქმედ კანონს უცხოელი აგენტების შესახებ. ეს ის კანონია, რომლის შესახებ ჩვენ ვნახეთ დეზინფორმაციის მთელი კამპანია, რომლის სათავეშიც იდგენენ პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი პოლიტიკოსები თუ დიპლომატები. ტერმინი რუსული კანონით ქართული კანონის დაბრენდვა, რომელიც იყო ჩვეულებრივი დეზინფორმაციული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, გუშინ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ხუხულასავით ჩამოშალა. მთელი ეს კამპანია, რომელშიც ჰქონდათ მილიონობით ფული ჩასხმული ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის და საქართველოს დისკრედიტაცია მოეხდინათ, ჩამოშალა კიდევ ერთხელ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, როგორც ეს არაერთხელ გაუკეთებია. გახსოვთ რუსთავი 2-ის საქმე, სააკაშვილის საქმე, გვარამიას საქმე, მელიას საქმე, სადაც ზუსტად იგივე აქტორები – ოპოზიცია, არასამთავრობო ორგანიზაციები, უცხოელი აქტორები, ქმნიდნენ ყალბ ნარატივებს, თითქოს, ქართული მართლმსაჯულების მიერ გამოტანილი განაჩენები იყო პოლიტიკურად მიკერძოებული და უსამართლო და ბოლოს ამას წერტილს უსვამდა სტრასბურგის სასამართლო, როგორც გააკეთა ეს რუსთავი2-ის საქმეზე. არავინ ბოდიში არ მოიხადა, არც ერთმა დიპლომატმა, უცხოელმა პოლიტიკოსმა თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ, როგორც გააკეთა ეს მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით: გვახსოვს ჩვენ ევროკავშირის 27 წევრის დემარში იუსტიციის სამინისტროში, ყალბი საფუძვლით სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სულ რამდენიმე კვირაში, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ ეს იყო აბსოლუტურად ცრუ დემარში, და არანაირი საფუძველი ამას არ ჰქონდა. მოიხადა ვინმემ ბოდიში, რომელიმე წევრმა ქვეყანამ ან დიპლომატმა, იმის გამო, რომ ცრუ დემარშებით იყვნენ წარმოდგენილი იუსტიციის სამინისტროში? იგივე იყო გვარამიას საქმეზე, მელიას საქმეზე. სამწუხაროდ, ასე ზიანს აყენებენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, შემდეგ ბოდიშს არავინ იხდის.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ  შემთხვევას, გუშინდელ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ზუსტად დაასახელა, თუ რა არის რუსეთში მოქმედ კანონში შეუსაბამო ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან – 6 პუნქტი. პირველი, ეს არის, რომ ვალდებულება, რომელიც ეკისრება ორგანიზაციებს, რომ ყველა გამოცემა დაბრენდონ, ანუ ბრენდირება მოხდეს როგორც უცხოელი აგენტის წარმოებული – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის და საერთოდ, არანაირი ტერმინი აგენტთან დაკავშირებით არ არის. მეორე: ასეთი ორგანიზაციები ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხულები არიან – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის. მესამე: პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის. მეოთხე: ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა – მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის.  მეექვსე: არაპროპორციული სანქციები, კერძოდ, დისკრეციული ჯარიმები, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ორგანიზაციის გაუქმება – არაფერი მსგავსი ქართულ კანონმდებლობაში არ არის. ეს არის ზუსტად სტრასბურგის სასამართლოს პასუხი ყველა იმ ოპოზიციის წარმომადგენლის, ყველა ენჯეოს და ყველა იმ უცხოელი აქტორის მიმართ, რომელიც ეს პერიოდია, ცრუ ბრალდებებს აყენებს და ცრუ ნარატივებს ავრცელებს საქართველოსთან დაკავშირებით და ბედავენ იმას, რომ ქართულ კანონმდებლობას უწოდონ რუსული კანონი, ამით იმუშაონ ადამიანების ემოციაზე, რაც ჩვეულებრივი მავნე დეზინფორმაციის მეთოდებია. ამიტომ, ჩამოიშალა მათი პროპაგანდა რუსულ კანონთან დაკავშირებით, რაც დარჩენიათ ახლა, რომ ბოდიში მოუხადონ ქართველ ხალხს იმისთვის, რომ აკადრეს ასეთი მავნე დეზინფორმაცია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები