ვდებ პირობას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თითოეული თქვენგანის ინტერესი იქნება დაცული და თითოეული თქვენგანი იქნება დაფასებული, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავა მოქალაქეებს არჩევნებზე საქართველოს ევროპული ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მინდა, მივმართო საჯარო მოხელეებს, პოლიციელებს, ყველას, ვინც ემსახურება საქართველოს მოქალაქეებს და ქართულ სახელმწიფოს. მინდა, მოგმართოთ პატივისცემით, მოწიწებითა და იმედით, რომ 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე თქვენ გააკეთებთ არჩევანს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. აქვე ვდებ პირობას “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” სახელით, რაც უკვე მკაფიოდ გააჟღერა პოლიტიკურ ტყვეობაში მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომ არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თითოეული თქვენგანის ინტერესი იქნება დაცული და თითოეული თქვენგანი იქნება დაფასებული.
მჯერა, თქვენ დაიცავთ საქართველოს კანონმდებლობას, დაიცავთ საქართველოს კონსტიტუციას და დაიცავთ საჯარო მოხელის ეთიკას. მჯერა, თქვენ არ გახდებით არჩევნების გაყალბების ინსტრუმენტი ივანიშვილის ხელში და დადგებით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და საქართველოს ეროვნული ინტერესები”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.