არჩევნები უპრეცედენტოდ მშვიდი, აბსოლუტურად კონკურენტულია, საბაბიც კი არ არსებობს, რომ ოპოზიციამ, NGO-ებმა ისაუბრონ არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში და არსებითი ჩრდილი მიაყენონ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა საარჩევნო სუბიექტს ჰქონდა თავისუფლად რეგისტრაციის გავლის საშუალება, ყველას შეუძლია კამპანიის თავისუფლად წარმოება და პირობები აბსოლუტურად თანასწორია.
“ყველას შეუძლია ნებისმიერი ტიპის სააგიტაციო, სარეკლამო მასალა განათავსოს, იქნება ეს ტელეეთერი, ბილბორდები, თუ ნებისმიერი სხვა საშუალება. აბსოლუტურად კონკურენტულია არჩევნები. ყველას აქვს თანაბარი შესაძლებლობა, რომ საკუთარი გზავნილები გაუზიაროს საზოგადოებას. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტიანია ოპოზიციის კამპანია, მაგრამ ყველას აქვს აბსოლუტურად თანაბარი შესაძლებლობები. არჩევნები არის აბსოლუტურად თავისუფალი. რეალურად, საბაბიც კი არ არსებობს იმისათვის, რომ ოპოზიციამ, NGO-ებმა ისაუბრონ არჩევნებთან დაკავშირებით ნეგატიურ კონტექსტში და რაიმე არსებითი ჩრდილი მიაყენონ ამ არჩევნებს. შეშფოთდნენ, რომ უპრეცედენტო საარჩევნო გარემო იყო, უპრეცედენტოდ მშვიდი, ვერანაირ დარღვევებზე ვერ საუბრობდნენ და უცბად გამოიგონეს კონკრეტული თემა. როგორც ჩანს, შემთხვევით გაიგო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა, რომ რუსთავის მუნიციპალიტეტში, მერიის კონკრეტულ სამსახურში, კონტრაქტების გასაგრძელებლად პირადობის მოწმობები მოსთხოვეს. ამის მტკიცებულებები არსებობს. ჟურნალისტმა ამის გამოყენება სცადა იმის საჩვენებლად, რომ თითქოს პირადობები ამ ადამიანებს მიატანინეს საარჩევნო მიზნებისათვის მაშინ, როდესაც ყველანაირი მტკიცებულებით დასტურდება, რომ არჩევნებთან საერთოდ არავითარი შემხებლობა არ ჰქონდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, არავითარი ფაქტი, არავითარი მტკიცებულება არ იყო ზუგდიდშიც.
“გამოვიყვან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და ხვალვე ვათქმევინებ, რომ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ მათთვის პირადობის ჩამორთმევას. წარმოიდგინეთ, რა დონეზე აბსურდული თემაა, რომ შენ უცბად გადაწყვიტე ჩამოართვა პირადობის მოწმობები და თან ჩამოართვა ვის, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან „ნაცმოძრაობის“ გამოკვეთილი მხარდამჭერები. ჯერ რამდენს უნდა ჩამოართვა ეს პირადობა და მერე აბსოლუტური სულელი უნდა იყო, რომ ასეთ რისკზე წახვიდე. პირდაპირ შედიხარ სხვა ოპოზიციური პარტიის ელექტორატში და იქ ცდილობ პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. ისეთი აბსურდული ამბავია, რომ აქაც იგივეა, შეშფოთდნენ იმით, რომ არავითარი პრეტენზიის საფუძველი არ ჰქონდათ, უცბად რაღაც კამპანია მოიგონეს, რომელიც ეგრევე ჩაუვარდათ იმიტომ, რომ მტკიცებულებებით დავუდასტურეთ, რომ რუსთავში საერთოდ სხვა რამესთან გვქონდა საქმე. ზუგდიდზე არის აბსოლუტურად ნული მტკიცებულება. შესაბამისად, ეს კამპანიაც ჩავარდა. რეალურად, ხელში არაფერი აქვს ოპოზიციას. არის აბსოლუტურად მშვიდი არჩევნები, სამართლიანი, თავისუფალი, კონკურენტული, რაც პრინციპში დაადასტურა ეუთო/ოდირის დასკვნამ. ერთადერთ სისტემურ პრობლემაზე იყო საუბარი ეუთო/ოდირის დასკვნაში, ეს არის ის, რაც ყველამ ვიცით, პოლარიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაცია, მედიაში პოლარიზაცია და ამაზეა მხოლოდ ყურადღება გამახვილებული არსებითად“, – განაცხადა კობახიძემ.