spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

ირაკლი კობახიძე – სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტინგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში

მე მგონია, რომ არჩევანი ძალიან მარტივია – ეს არის გადამწყვეტი რეფერენდუმი, ერთ მხარეს დგას ომი, მეორე მხარეს – მშვიდობა, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხაზი, სადაც მმართველ გუნდს პრინციპული სხვაობა აქვს რადიკალურ ოპოზიციასთან, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემაა.

„რაც შეეხება ქვეყნის მომავალს, ისინი იძლევიან ისეთ დაპირებებს, რომლებიც პირდაპირ დაკავშირებულია ამ ქვეყნისთვის პრობლემების შექმნასთან და ჩვენ ვიძლევით ისეთ პროგრამას, რომელიც ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. ადამიანურ დონეზეც, თქვენ იცით სახეები, რომლებიც წარმოადგენენ რადიკალურ ოპოზიციას. ერთი არის სააკაშვილის პარტია და ყველამ კარგად იცის, ვინ არის სააკაშვილი და რას აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო. მეორე არის გვარამიას პარტია და გვარამიაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ იყო, რას აკეთებდა და დღეს რა პრობლემები აქვს. მას თავად აქვს აღიარებული, რომ წარსულში ფსიქიკური პრობლემები მქონდაო და ამით ამართლებდა მის უმძიმეს ქცევას მთელი ამ წლების განმავლობაში. მაგრამ როდესაც „იმედში“ შეჭრას „აპრავებდა“, როცა ადეიშვილის მოადგილე იყო და პროკურორობდა იმ სისხლიანი რეჟიმის პირობებში, არ ვიცი, შეიძლება ესეც მისი ფსიქიკური პრობლემების შედეგი იყო. მისი პარტიის სხვა სახეებზე აღარ ვისაუბრებ. ხოშტარია, რომელსაც არავითარი პრინციპები არ აქვს, ჯაფარიძე, რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვს მშობლების, პატრიარქის, ეკლესიის და სამშობლოს ჩათვლით. ეს საერთოდ ცალკე ისტორიაა. არის ხაზარაძის პარტია, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული „ნაცმოძრაობის“ რეჟიმთან ერთად ბიზნესის რეკეტში. აქ აბსტრაქტულ მონათხრობზე არ არის საუბარი, აქ საუბარია „მაგნატის“ საქმეზე, „კონსტანტას“ საქმეზე, „ელიტ-ელექტრონიქსის“ საქმეზე, სადაც მას პირდაპირ ხელს ადებენ ბიზნესის რეკეტში მონაწილეობაში. გახარიაზე აღარ ჩამოვთვლი იმ ქმედებებს, რაც მას აქვს ჩადენილი და განხორციელებული. კიდევ ერთხელ გავიხსენებ, ვინ ჩაუსვეს ამ ადამიანებს საკუთარ პარტიებში – ადეიშვილის, მერაბიშვილის კადრები და ა.შ. სახეების დონეზეც აბსოლუტურად არაქართული, არაევროპული კონტინგენტია შეკრებილი რადიკალურ ოპოზიციაში. „ქართულ ოცნებაში“ არის ჯანსაღი გუნდი, რომელიც არის პროევროპულად მოაზროვნე, პროევროპულად განწყობილი და რაც მთავარია, ქართულად მოაზროვნე და ქართულად განწყობილი. ყველა დონეზე თუ გადავხედავთ ორ დაპირისპირებულ მხარეს – ერთ მხარეს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და მეორე მხარეს „ქართულ ოცნებას“, არის ცა და დედამიწა. გაკეთებულ საქმეებს რაც შეეხება, სად იყო ჩვენი ქვეყანა 2012 წელს და სად არის დღეს იგივე ეკონომიკის, განათლების კუთხით, რამდენი სკოლა და ბაღი გარემონტდა, აშენდა, ამ დეტალებზე აღარ ვისაუბრებ. იმდენი საქმე გაკეთდა, ესეც არის ერთ-ერთი საფუძველი, რაც ამარტივებს არჩევანს ჩვენი საზოგადოებისთვის, მაგრამ მთავარი მაინც არის ომის და მშვიდობის საკითხი. ეს ადამიანები ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას. ჯერ მიიყვანეს ომამდე ქვეყანა 2008 წელს, შემდეგ ომისკენ ექაჩებოდნენ ამ ქვეყანას 2022 წლიდან მოყოლებული და თეორიულად რომ დავუშვათ მათ მიერ არჩევნების მოგება, ეს ადამიანები აუცილებლად შეასრულებენ დავალებას და საქართველოში აუცილებლად გახსნიან მეორე ფრონტს, ისე, რომ პიარულადაც არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. მყისიერად გააკეთებენ, როგორც კი დასრულდება არჩევნები, თუმცა, მადლობა ღმერთს, ამის თეორიული შანსი პრაქტიკულად აღარ არსებობს. როცა 60%-მდეა შენი რეიტინგი, ორ დღეში ვერაფერი შეიცვლება და ასეთ დროს რეალურად რადიკალურ ოპოზიციას ამ არჩევნებში წარმატების არავითარი შანსი არ აქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები