თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი დაწესებულება 50 აღსაზრდელზეა გათვლილი და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის შენობაში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა, აღიჭურვა ინვენტარით, კეთილმოეწყო შიდა და გარე სივრცეები. ასევე, ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს.
სასწავლო პროცესის დაწყება ბაღის აღსაზრდელებსა და პედაგოგებს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ლევან სანიკიძემ და თერჯოლის მერმა მანუჩარ რობაქიძემ მიულოცეს.
საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ზედა სიმონეთის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ასევე სკოლის ეზოში ეწყობა სპორტული მოედანი და რეკრეაციული სივრცე.
აღნიშნული სკოლის სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება და გათვლილია 450 მოსწავლეზე.