ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული ეს დადგენილება არის უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული დადგენილება, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით ერთადერთი ორგანო, ვისაც უფლებამოსილება აქვს, რამე განსაზღვროს, დაამატოს და ა.შ., ეს არის საქართველოს პარლამენტი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ უკიდურესად ეშინია არჩევნების.
“ეს დადგენილება იმის დასტურია, რომ შიშს ფართო თვალები აქვს. ირაკლი კობახიძის მიერ მიღებული ეს დადგენილება არის უფლებამოსილების გადამეტებით მიღებული დადგენილება, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საკითხებთან დაკავშირებით ერთადერთი ორგანო, ვისაც უფლებამოსილება აქვს, რამე განსაზღვროს, დაამატოს და ა.შ., ეს არის საქართველოს პარლამენტი. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ უკიდურესად ეშინია არჩევნების და მე მინდა, დავამშვიდო, რომ საბოლოო ჯამში, არავის დასჭირდება აქციების ჩატარება თუ ისინი არ გააყალბებენ არჩევნების შედეგებს, იმიტომ, რომ ჩვენ მოგებული გვაქვს“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
საქართველოს მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობა სტრატეგიული ობიექტების სიაში შეიყვანა. განკარგულება 23 ოქტომბრით თარიღდება და მას ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.