მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
კალანდარიშვილი ბაღდათში მომხდარ ინციდენტსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას ეტაპობრივად მიაწვდის ყველა დაზუსტებულ ფაქტზე ინფორმაციას.
“ვრცელდება მედია და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე თითქოს, განხორციელდა ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ. მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო, მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს ვითარებაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება.
რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აღნიშნულ საკითხზე. მინდა, სამინისტროს ვთხოვო, რაც შეიძლება სწრაფ ტემპში განხორციელდეს შესაბამისი წარმოება, რათა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში საზოგადოებას ობიექტური, დაზუსტებული ინფორმაცია მივაწოდოთ.
ყველა ასეთი შემთხვევა, შეესაბამება თუ არა ის სინამდვილეს, რა თქმა უნდა, აზიანებს საარჩევნო გარემოს, კენჭისყრის დღის მთლიანობას, აზიანებს ინსტიტუციის რეპუტაციას და იწვევს კითხვის ნიშნებს შედეგებთან მიმართებით. ამიტომ, კიდევ ერთხელ მივმართავ საოლქო საარჩევნო კომისიას, სასწრაფო წესით მოახდინოს საკითხში გარკვევა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება აღნიშნულ უბანთან დაკავშირებით.
გთხოვთ, საზოგადოებას პატივი ვცეთ და მივაწოდოთ გადამოწმებული ინფორმაცია.
მინდა, გამოვეხმაურო ბაღდათის 23-ე საარჩევნო უბანზე მომხდარს, რომლის ფარგლებშიც, ამომრჩეველმა ვერიფიკაციის აპარატი იმდენად დააზიანა, რომ შეუძლებელი იყო ამ აპარატების მეშვეობით პროცესის გაგრძელება, თუმცა ახლა საარჩევნო პროცესი გრძელდება. ჩვენ დამატებით დეტალებს გაგიზიარებთ” , – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
არჩევნების მიმდინარეობისას მარნეულის 74-ე უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ბაღდათში, სოფელ დიდველას 23-ე უბანზე კი უცნობმა მოქალაქემ საარჩევნო ვერიფიკაციის ელექტრო ყუთი დააზიანა, რის გამოც, საჭირო გახდა ხმის მიცემის ძველი სტილის გამოყენება.