საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის იგნორირებული, საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია.
“საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის იგნორირებული, საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური. საუბარი იმაზე, რომ ჯერ მტკიცებულებები წარმოვადგინოთ და მერე ვილაპარაკოთ, არის არაზუსტი, მე პატივს ვცემ ყველას მოსაზრებას, მაგრამ აქვე უნდა ვთქვა, რომ ლეგიტიმაციის საკითხი განისაზღვრება ხალხის დამოკიდებულებით. თუ ხალხი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები არ გამოხატავს მოსახლეობის ნებას და ამგვარია ხალხის დამოკიდებულება, ლეგიტიმაციის საკითხი წყდება სწორედ ასე.
საქართველოში ჩატარდა რუსული სპეცოპერაცია, საქართველოში ჩატარდა ტექნოლოგიური სპეცოპერაცია. ვერ დავადანაშაულებთ ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას, ვერც ერთ დამკვირვებელს თუ კომისიის წევრს, ვერც ერთ ადამიანს, რომელიც თავად დარეგისტრირდა, როგორც დამკვირვებელი ამ პროცესში, რადგან, შეუძლებელია, ჩვენი მხრიდან ტექნოლოგიური პროცესის გაკონტროლება. ამ მანქანების აუდიტი ჩაატარა ხელისუფლებამ, ოპოზიცია არ იყო დაშვებული ამ აუდიტზე და არ ვიცით, როგორ ჩატარდა და რა დადგინდა. ფაქტია, რომ ვლადიმერ პუტინი ნამდვილად არ ელოდებოდა, როგორ ჩატარდებოდა არჩევნები საქართველოში, რომ ეს ფაქტად მიეღო. ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ჩვენ არ ვაპირებთ რუსული რეჟიმის მორჩილებას.
ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია საქართველოს პრეზიდენტთან ცნობილია და დღესაც გააკეთებს განცხადებას. ცესკოს შედეგებითაც კი ჩვენი კოალიცია 20 ადგილს მოიპოვებს საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.