ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ ატარებდა პირადობის მოწმობებს. სმარტ მატიკისგან მოვითხოვთ, რომ გააკეთოს განცხადება, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, რატომ ვერ ტარდებოდა პირადობის მოწმობები, ან ცესკომ ახსნას ეს, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო უბნებზე სხვადასხვა ტიპის დარღვევები ფიქსირდებოდა.
“იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ვსაუბრობდით და რაზეც გაამახვილეს ყურადღება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, რომ არჩევნები მიმდინარეობდა შიშისა და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების ფონზე, მე ახლა ამაზე არ ვისაუბრებ. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სწორად დავსვათ კითხვები ტექნოლოგიურ საკითხებთან მიმართებაში. ჩვენ გვაინტერესებს, ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ვერიფიკაციის აპარატი არ ატარებდა პირადობის მოწმობებს. სმარტ მატიკისგან მოვითხოვთ, რომ გააკეთოს განცხადება, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, რატომ ვერ ტარდებოდა პირადობის მოწმობები, ან ცესკომ ახსნას ეს”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.