“საქართველოს მოსახლეობა დადგა იქ, სადაც ქვეყნის მომავალს სჭირდებოდა, რადიკალურმა ოპოზიციამ კი მიიღო ის, რასაც იმსახურებდნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს ოპოზიციური ძალების მიერ დაანონსებული აქციისა და რევოლუციური მოწოდებების შესახებ, კახა კალაძე პასუხობს, რომ მათ შეუძლიათ აქცია გამართონ, თუმცა არ უნდა გასცდნენ კანონის ჩარჩოებს.
„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება. საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, მაგრამ ცხადია, ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. ნურავის ექნება ამის ილუზია და არავის მიეცემა იმის შესაძლებლობა, რომ ძალით, ხელების გადაგრეხით ვიღაცას დაუპირისპირდეს. ყველას, ვინც კანონის ჩარჩოს გასცდება, კანონის ფარგლებში შესაბამისი ძალიან მკაცრი პასუხი გაეცემა. გამოვიდნენ, შეიკრიბონ. რადიკალური ოპოზიცია დღეს დამარცხებული და განადგურებულია. მიიღეს ის, რასაც რეალურად იმსახურებდნენ“, – განაცხადა კალაძემ.