რა თქმა უნდა, სიები არის ჩახსნილი, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ, რა თქმა უნდა, მანდატებს არ ვიღებთ, ჩვენ რომ ხელში დავიკავოთ ეს მანდატები, ეს არის იმის აღიარება, რომ რუსეთი ამ ფორმით შემოვიდა საქართველოში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩაიხსნება სიები, რაც არის ამ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილი.
“ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს იყო რუსული სპეცოპერაცია ქართველი ხალხის და ჩვენი ევროპული მომავლის წინააღმდეგ, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იყო ძალიან ცხადი და მკაფიო იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები ივანიშვილმა მოიპარა და, შესაბამისად, გარდა იმისა, რომ არ ვიღებთ ამ შედეგებს, პარტია სრულად თმობს იმ მანდატებს, რომლებიც, თეორიულად, შესაძლოა, მიგვეღო, მაგრამ ეს არის გაყალბებული არჩევნები და ბუნებრივია, გაყალბებული არჩევნების შედეგად ვერანაირი მანდატების გადანაწილება ვერ მოხდება, რადგან ეს მანდატები ისეთივე არალეგიტიმურია, როგორც ის საარჩევნო შედეგი, რომელსაც ახლა ივანიშვილი გვთავაზობს.
ჩვენ ხომ არ ვიღებთ ამ არჩევნების შედეგებს იმიტომ, რომ ეს არის მოპარული არჩევნები, რომელიც რუსეთმა ჩაატარა საქართველოს ხელისუფლების, მისი ინსტიტუტების გამოყენებით და ახლა ცდილობს რომ ამ ფორმით შემოვიდეს საქართველოში. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ რომ მივიღოთ ეს საარჩევნო შედეგი, ჩვენ რომ ხელში დავიკავოთ ეს მანდატები, ეს არის იმის აღიარება, რომ რუსეთი ამ ფორმით შემოვიდა საქართველოში.
ასევე, რა თქმა უნდა, ასევე ჩაიხსნება სიები, რაც არის იმ სამართლებრივი ბრძოლის ნაწილი. კიდევ ერთხელ, მკაფიოდ, ყველა მექანიზმის გამოყენებით, მათ შორის, სიების ჩახსნით, რაც აუცილებლად მოხდება – ეს არის ჩვენი გაცხადებული პოზიცია: რა თქმა უნდა, სიები არის ჩახსნილი, რა თქმა უნდა, მანდატებს არ ვიღებთ, რა თქმა უნდა, შედეგებს არ ვაღიარებთ, რადგან ამ არჩევნების შედეგების აღიარება, როგორც გუშინ ძალიან კარგად თქვა პრეზიდენტმა, ნიშნავს იმის აღიარებას, რომ ამ სპეცოპერაციით ქვეყანაში შემოვიდა რუსეთი და საქართველომ დაკარგა ევროპული არჩევანი. ჩვენ ამას არ მივიღებთ, იმიტომ რომ ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი ევროპულია და ძალიან მოხარული ვარ, რომ ამ საკითხში არსებობს ამგვარი კონსოლიდაცია პრეზიდენტს, პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეებს შორის”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.