spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

მილერი – არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ოფიციალურ პირებს, გაითვალისწინონ, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ნაცვლად იმ პოლიტიკის გაძლიერებისა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით.

“ქართველმა ხალხმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, რომლის გარემოც ფორმირებული იყო მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის საჯარო რესურსების არამიზნობრივი გამოყენებით, ხმების მოსყიდვით და ამომრჩეველთა დაშინებით. ამან ხელი შეუწყო არათანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნას და ძირი გამოუთხარა საზოგადოებრივ და საერთაშორისო ნდობას სამართლიანი შედეგის მიღწევის შესაძლებლობის მიმართ. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებას, სრულად გამოიძიონ არჩევნებთან დაკავშირებული ყველა ცნობა დარღვევების შესახებ. ასევე, გავცემთ მოწოდებას გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ ოფიციალურ პირებს, გაითვალისწინონ, თუ როგორი ურთიერთობა სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ნაცვლად იმ პოლიტიკის გაძლიერებისა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. საქართველოს კონსტიტუცია, რომელიც შემოთავაზებული და მხარდაჭერილია ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ, ადგენს ამ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების მისწრაფებას. ყველა პარტია კამპანიის დროს მხარს უჭერდა ამ მიზანს, თუმცა მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც შეუთავსებელია ამ კურსთან.

საქართველოს მთავრობას შეუძლია, ხელახლა დაადასტუროს თავისი დემოკრატიული ევროატლანტიკური ტრაექტორია კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში არსებული ხარვეზების გამოსწორებით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის გაუქმებითა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის რეფორმების რეკომენდაციებზე მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით. ჩვენ წლის განმავლობაში მუდმივად მოვუწოდებდით საქართველოს მთავრობას, უკან დაეხია ანტიდემოკრატიული ქმედებებისგან და დაბრუნებოდა ევროატლანტიკურ გზას.

ჩვენ არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს მთავრობის კურსი არ შეიცვლება. ჩვენ გვსურს, ვნახოთ პროცესის გამოძიება. ჩვენ აღვრიცხეთ დარღვევები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ოფიციალური პირების მოწოდებები სრული გამოძიების ჩატარების შესახებ. ვუერთდებით ამ მოწოდებებს“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები