აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან იშიძუკა ჰიდეკისთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
ლევან მგალობლიშვილმა იაპონიის ელჩს აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება გააცნო.
მთავრობის თავმჯდომარემ, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვის, ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და ადამიანის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხებზე.
“ჩვენთან იმყოფებოდა იაპონიის ელჩი. განვიხილეთ დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა და საჭიროებები. მოვილაპარაკეთ, რომ ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მათი მხრიდან ხელშეწყობა“, – განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
ელჩმა, იაპონიის მთავრობის მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკის მიმართულებით, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე.