ერთადერთი, ვინც მიესალმება ამ არჩევნების შედეგებს არის რუსეთი, რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ულოცავენ ქართველ ხალხს რუსეთის წიაღში დაბრუნებას, მაგრამ არ შედგება ეს ამბავი, საქართველო არასდროს არ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ჩატარებულმა არჩევნებმა ხალხს ევროპული მომავალი წაართვა.
“არცერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ უღიარებია ეს არჩევნები. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ ევროკავშირის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდება გაფართოებასთან დაკავშირებით მისალმებოდეს დემოკრატიულ არჩევნებს საქართველოს და გზას ხსნიდეს ქვეყნისთვის ევროკავშირში გასაწევრიანებლად, მე ვვარაუდობ, რომ ჩვენ ვნახავთ მძიმე შეფასებებს. სწორედ ამიტომ, ვამბობთ, რომ ამ არჩევნებმა მოპარა ქართველ ხალხს არა მხოლოდ არჩევნები, არამედ ევროპული, ევროატლანტიკური მომავალი და ერთადერთი, ვინც მიესალმება ამ არჩევნების შედეგებს არის რუსეთი, რუსი პროპაგანდისტები, რომლებიც ულოცავენ ქართველ ხალხს რუსეთის წიაღში დაბრუნებას და მე მინდა, ყველას ვუთხრა, რომ არ შედგება ეს ამბავი, საქართველო არასდროს არ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს და ჩვენ, დემოკრატიული ოპოზიცია ვიბრძოლებთ ბოლომდე იმისათვის, რომ ამ არჩევნების შედეგებმა არ შეაფერხოს ქვეყნის ევროკავშირის მომავალი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.