თბილისის მერია გმირთა მოედნიდან ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირომდე საგზაო მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოებს იწყებს.
როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის მიზანი ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება და საავტომობილო მოძრაობის განტვირთვაა.
“ლაგუნა ვერეს“ მიმდებარე ტერიტორია ერთ-ერთი რთული სატრანსპორტო კვანძია ქალაქში, რომელიც ხშირად პრობლემას წარმოადგენს გადაადგილების თვალსაზრისით თავისი სივიწროვიდან გამომდინარე. ჩვენ მოვახდინეთ ბენზინგასმართი სადგურების ადგილმონაცვლეობა და გვინდა, რომ დავიწყოთ პროექტი, რომელიც გულისხმობს გზის გაფართოებას, რათა გაიზარდოს ამ მონაკვეთის გამტარუნარიანობა და არსებული პრობლემები გამოსწორდეს. გარდა ამისა, მოწესრიგდება ზებრა გადასასვლელები და ტროტუარი. სამუშაოები უახლოეს დღეებში დაიწყება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სამუშაოების ბიუჯეტი, დაახლოებით, 4 მლნ ლარია.