ბაიდენის განცხადებაც ადასტურებს, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა თავისუფალ, სამართლიან და თანასწორ გარემოში, ხელისუფლების მხრიდან მზაობას ვერაფერზე ვერ ვხედავთ, ამიტომ ჩვენ პირველივე დღიდან ვითხოვთ საერთაშორისო აუდიტს და ამავე პოზიციაზე ვრჩებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატიულ სამყაროში იციან, რას ნიშნავს ფარულობის დარღვევა, რა შედეგებამდე მიდის ფარულობის დარღვევა და რა იწვევს ამ ფარულობის დარღვევას.
“რა თქმა უნდა, ბაიდენის განცხადება ადასტურებს იმას, რომ საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიან, თანასწორ და თავისუფალ გარემოში და შესაბამისად, ჩვენ ისევ ვართ ჩვენს პოზიციაზე, რომ საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდეს საქართველოს არჩევნებს. რაც შეეხება მოლოდინს, მოთხოვნის შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს თუ არა ხელისუფლება, მოლოდინი ნამდვილად არა მაქვს, რადგან მზაობა არაფრისთვის არ არის. მაგალითად, ჩვენ გუშინ მოვითხოვეთ, შეექმნათ ამომრჩეველთა ბაზა, სადაც ინდივიდუალურად, სხვების მონაწილეობის გარეშე, ამომრჩეველს შეეძლებოდა გადაემოწმებინა, თუ სად და რა დროს მისცა ხმა. ამაზე უარი გვითხრეს იმიტომ, რომ არ უნდათ, პროცესი იყოს გამჭვირვალე, სადაც შეძლებენ დაამტკიცონ, რომ კანონიერად ჩაატარეს არჩევნები. დღეს დაიწყება საჩივრების განხილვა და დავინახავთ, დააკმაყოფილებენ თუ არა საჩივარს, მაგალითად, იმაზე, რომ ბიულეტენი იყო ისეთი ხარისხის, ყველას ჰქონდა შესაძლებლობა ენახა, ვის აძლევდნენ ხმას. ჩვენ არ გვაქვს იმის იმედი, რომ ხელისუფლებისგან იქნება გამოძიებისადმი თანხმობა ან იქნება სხვა ნაბიჯი, რომელიც დაამტკიცებს, რომ ეს არჩევნები არ გაყალბებულა.
ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია მოწოდება საერთაშორისო გამოძიების შესახებ, საქართველოს ხელისუფლებას აქვს რეალური შანსი, რომ გამოიძიოს ეს ყველაფერი. თუ საერთოდ ქვეყანა ადარდებს, მას აქვს ამის შესაძლებლობა და მან ეს უნდა გააკეთოს, რაც შეეხება შეფასების პირველ ნაწილს, დიახ: დემოკრატიულ სამყაროში იციან, რას ნიშნავს ფარულობის დარღვევა, რა შედეგებამდე მიდის ფარულობის დარღვევა და რა იწვევს ამ ფარულობის დარღვევას: ეს არის ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, მოქალაქეების დაშინება და შიშის ფონზე არენების ჩატარება”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.