ან არჩევნები იქნება საერთაშორისო გამოძიებით გამოკვლეული და არა პროკურატურის, რომელმაც გვითხრა მისი პოზიცია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე დასაკითხია, ან “ქართული ოცნებას” მოუწევს პირდაპირი ურთიერთობის დამყარება ქართველ ხალხთან, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილს ექნება ყველანაირი მხარდაჭერა და გვერდში დგომა მათი მხრიდან.
“პირველ რიგში ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილს ექნება სრული მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან. ჩვენ ნებისმიერ ზეწოლას და ჩარევას, მისი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ქართველი ხალხის ნების დაცვაში, აღვკვეთთ ნებისმიერი ფორმით, რომელიც საჭიროა. მათ შორის, ხალხის შეკრებით, მის გარშემო კონსოლიდაციით და იმ ვითარებაში აქტიური ჩარევით, რომელსაც დღეს ბიძინა ივანიშვილი, “ქართული ოცნება”, ცესკო და საქართველოს პროკურატურა ინიცირებენ.
მეორე, აუცილებლად მიმაჩნია განვმარტო რას გულისხმობს ქუჩასთან დამოკიდებულებაში ჩვენი პოზიცია, კოალიციის და ალბათ, ოპოზიციისაც, თუმცა ყველა თავის პოზიციას განმარტავს. ქუჩა არის მთავარი და შესაძლოა, ერთადერთი ფორმატი პოლიტიკური პროცესების სწორად მართვის, როცა არის ხელისუფლება უზურპირებული და როცა ყველა სხვა უფლება წართმეულია. ქუჩა არ გულისხმობს ძალადობას, მაგრამ, ასევე, ყოველთვის არ გულისხმობს კონცერტებს, ზეიმს და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს.
ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, ჩვენ ახლა არ გვაქვს სტიქიური გადაწყვეტილებების უფლება. ჩვენი გადაწყვეტილებები იქნება გონიერი, გონივრული, დაგეგმილი და ხაზს ვუსვამ, შედეგზე ორიენტირებული. ჩვენ ვიბრძვით სამშობლოს გადარჩენისთვის, არავის არ უნდა დაგვავიწყდეს, ჩვენ არ ვიბრძვით მხოლოდ პოზიციის გამოხატვისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით საერთაშორისო თანამეგობრობის, თუ საქართველოს მოსახლეობისთვის საკუთარი თავის დანახვებისთვის. ჩვენ ვიბრძვით საქართველოს გადასარჩენად, სამშობლოს, რომელიც უალტერნატივოა ჩვენთვის, ეს არის ჩვენთვის ერთადერთი სამშობლო და ჩვენ მის მიტოვებას ამ ისტორიულ ქარტეხილში არ ვაპირებთ.
ვიხილავთ თუ არა ქუჩას, როგორც გამოსავალს – ვიხილავთ, როგორც პირველხარისხოვან გამოსავალს. ეს არ გულისხმობს იმას, რომ სხვა ტიპის მუშაობა იქნება შეჩერებული, სამართლებრივი, კაბინეტური, პოლიტიკური, თუ ნებისმიერი სხვაგვარი, მაგრამ პრიორიტეტი იქნება იმ ფორმებისთვის მინიჭებული, რომელიც მოიტანს რეალურ შედეგებს.
საბოლოო ჯამში, მინდა ვთქვა, ან არჩევნები იქნება საერთაშორისო გამოძიებით გამოკვლეული და არა პროკურატურის და ა.შ., რომელმაც უკვე გვითხრა მისი პოზიცია, რომ სალომე ზურაბიშვილია თურმე დასაკითხი, ან “ქართულ ოცნებას” მოუწევს პირდაპირი ურთიერთობის დამყარება ქართველ ხალხთან.
ბუნებრივია, ჩვენთვის უმჯობესია იყოს საერთაშორისო დასკვნები და ამის საფუძველზე არჩევნები გაუქმებული და ხელახალი არჩევნები ჩატარებული. ეს სჭირდება ჩვენ ქვეყანას, ეს სჭირდება სტაბილურობას ამ ქვეყანაში და პირადად ბიძინა ივანიშვილს ეს სჭირდება, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, უსაფრთხოების გარანტიები მოიპოვოს.
ახლა, ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად კეთილგონიერი იქნება ქართველი ხალხი და რამდენად გააცნობიერებს “ქართული ოცნება” იმ საფრთხეებს, რომელსაც უქმნის სახელმწიფოს, რომელსაც უქმნის საერთაშორისო წესრიგს და რომელსაც უქმნის საკუთარ თავსაც.
ეს ბრძოლა დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით, ჩვენ სხვა გზა და სხვა არჩევანი არ გვაქვს, “ქართული ოცნება” იძულებული იქნება დათმოს იმიტომ, რომ სიმართლე არის ჩვენს და არა მათ მხარეს”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.