ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, რადგან ასეთი მძიმე განცხადებები, როგორც წესი, ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ქვეყნებისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოსავალი არის პოლიტიკურ სპექტრში და რაც მთავარია, ხალხში.
“მოსალოდნელი იყო არჩევნებთან დაკავშირებული ამგვარი ქმედებების გამო, რომ ჩვენ გაგვიჭირდებოდა ევროინტეგრაციის პროცესი და ეს იყო ცხადი. ძალიან მაღალი ალბათობა არსებობს იმისა, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერდეს, რადგან ასეთი მძიმე განცხადებები, როგორც წესი, ძალიან მძიმე შედეგებით მთავრდება ქვეყნებისთვის. გამოსავალი არის ჩვენში, პოლიტიკურ სპექტრში და რაც მთავარია, ხალხში. ხალხი უნდა შეიკრას მოკავშირედ. ჩვენ გვყავს ერთადერთი დამოუკიდებელი კონსტიტუციური ინსტიტუტი საქართველოს პრეზიდენტის სახით და ამ ერთიანობით ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
30 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს.