აუცილებელია ჩვენი აქტიურობა, დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით და ამიტომ, ბრძოლა და შრომა არის ის, რითაც ჩვენ დავიბრუნებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ბოკუჩავას არ დაუკონკრეტებია, თუ რაზე შეთანხმდნენ დღევანდელ შეხვედრაზე, თუმცა განაცხადა, რომ მათი მხრიდან მუშაობა გრძელდება.
“ჩვენ ვმუშაობთ ერთად, ვმუშაობთ ქვეყნისა და მოქალაქეების ინტერესში და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაბრუნებლად. შრომა და ბრძოლა არის ის, რაც მოგვიტანს შედეგს. ერთი მხრივ, იცით, რომ დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში შევიმუშავეთ ოპოზიციურმა პარტიებმა, ამაში ჩაიდო დიდი ძალისხმევა და შრომა. ამასთანავე, აუცილებელია ჩვენი აქტიურობა, დემოკრატიის ყველაზე ძველი ფორმის საპროტესტო მოძრაობის გამოყენებით და ამიტომ, ბრძოლა და შრომა არის ის, რითაც ჩვენ დავიბრუნებთ გამარჯვებას”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი “ლელოს” ოფისში შეხვედრებს მართავს. დისკუსიის თემა სამოქმედო გეგმაა, რომელიც დღეს გასაჯაროვდება. შეკრებაზე არ იმყოფებოდა “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია.