პირდაპირ გვითხრეს, რომ ევროკავშირში ეს ქვეყანა ვერ გაწევრიანდება. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს არჩევნები გაეყალბებინა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არჩევნების ნაცვლად ქვეყანაში რუსული სპეცოპერაცია ჩატარდა ბიძინა ივანიშვილის ხელით.
“იმ რუსული სპეცოპერაციის ამოცანა, რომელიც ჩატარდა ქვეყანაში 26 ოქტომბერს არჩევნების ნაცვლად, იყო სწორედ ეს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზა საბოლოოდ ჩარაზულიყო და საწადელს რუსეთმა ბიძინა ივანიშვილის ხელით მიაღწია ამ ეტაპზე.
შეჩერდა ყველანაირი პროცესი, ჩვენ პირდაპირ გვითხრეს, რომ ევროკავშირში ეს ქვეყანა ვერ გაწევრიანდება. ამაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სრულად ეკისრება ივანიშვილს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ეს არჩევნები გაეყალბებინა”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
30 ოქტომბერს ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში გამოქვეყნდა, სადაც საუბარი იყო საქართველოზეც. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, პროცესი შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან დაშორებას განაგრძობს.