მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უნდა დაველოდოთ 7 საათს, რადგან ყველაფერი იქნება ბევრად მკაფიო, 7 საათზე ოპოზიციური პარტიები იტყვიან რა არის მთავარი გეგმა და როგორ გრძელდება ბრძოლა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ისე, როგორც არასდროს „ქართული ოცნება“ არის სუსტი, მიუხედავად იმისა, რომ დაიწერა ის, რაც უნდოდა.
“მხოლოდ იმას გეტყვით, რომ უნდა დაველოდოთ 7 საათს, რადგან ყველაფერი იქნება ბევრად მკაფიო, 7 საათზე ოპოზიციური პარტიები იტყვიან რა არის მთავარი გეგმა და როგორ გრძელდება ბრძოლა, რადგან ბრძოლა გრძელდება და არ არის იმის დრო, რომ ვიღაცამ ხელები ჩამოუშვას, უიმედობას მიეცეს, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაფერს იზამდა ძალაუფლების შესანარჩუნებლად. როგორც არასოდეს „ქართული ოცნება“ არის სუსტი, მიუხედავად იმისა, რომ დაიწერა ის, რაც უნდოდა. მე არ ველოდი არანაირად, რომ ბიძინა ივანიშვილი ისე გაკეთილშობილდებოდა, რომ ამ არჩევნებს ვინმეს დაუთმობდა.
“ქართული ოცნების“ სისუსტე ჩანს იმაში, რომ საერთაშორისო გამოხმაურებები სიმშვიდის უფლებას არ აძლევს მათ და ამიტომ არიან ყველაზე სუსტები და იმიტომ, რომ პირველივე დაძახებაზე საქართველოს მოქალაქეები, ყოველგვარი ორგანიზების გარეშე გამოვიდნენ და მზად იყვნენ ბრძოლისთვის, სანამ რეალურ შედეგამდე არ მივალთ. ამათი სტილი ისაა, რომ არ შეიმჩნიონ ეს ყველაფერი და გააგრძელონ ისე, თითქოს არაფერი ხდება, თუმცა ცხადია, რომ აწუხებთ და პრობლემას ხედავენ ამაში. აქ არ აქვს მნიშვნელობა ესენი რას ფიქრობენ, აქ მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო წნეხი დამძიმდება“, – განაცხადა ანა წითლიძემ.