თითქმის 1000-დღიანი ბრძოლის მიუხედავად, კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა.
“თითქმის 1000 დღის ომის შემდეგ პუტინმა ვერ მიაღწია ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გაქცეულა. კიევი არ დაეცა და უკრაინა არ დანებდა“, – განაცხადა ოსტინმა.
პენტაგონის ხელმძღვანელის თქმით, ამის ნაცვლად, რუსეთმა “პუტინის იმპერიული სისულელისთვის გამაოგნებელი ფასი გადაიხადა”.
“ასობით ათასი რუსი მსხვერპლი 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული და 200 მილიარდ დოლარზე მეტი ზარალი“, – აღნიშნა მან.
ოსტინმა მოიყვანა სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის მონაცემები, რომლის თანახმად, რუსეთის დანაკარგებმა ომის პირველ წელს გადააჭარბა მოსკოვის დანაკარგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველა კონფლიქტში.
“უკრაინა საშინლად დაზარალდა პუტინის ხელით, მაგრამ, გასულ კვირას ისევ დავინახე კიევში, რომ უკრაინა მტკიცედ დგას და კიდევ უფრო გაძლიერდა”, – აცხადებს მინისტრი.
პუტინმა ომი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ის უკვე 983 დღეა, გრძელდება. ამ დროის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში დაკარგა 697 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 9 ათასზე მეტი ტანკი, 20 ათასზე მეტი საარტილერიო სისტემა და თითქმის ათასი საჰაერო თავდაცვის სისტემა. ესტონეთის დაზვერვის მონაცემებით, მხოლოდ ოქტომბერში რუსეთს შეეძლო დაეკარგა დაახლოებით 40 ათასი ჯარისკაცი.
რაც შეეხება მიზნებს, ბოლო განცხადებებში კრემლში გააჟღერეს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების საზღვრამდე მისვლის განზრახვა, თუმცა ვინაიდან ესეც ვერ ხერხდება, ამ თეზისის გახმოვანებაც შეწყვიტეს.
ამასთან, ოკუპანტებს დიდი დანაკარგების გამო ბრძოლის ეშინიათ. ცოტა ხნის წინ, პარტიზანებმა განაცხადეს, რომ ყირიმში მყოფი რუსი საზღვაო ქვეითები ქრთამს უხდიან მეთაურებს, რათა არ იბრძოლონ კურსკის ოლქში, სადაც უკრაინის თავდაცვის ძალები რამდენიმე თვეა უტევს.