თბილისის საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობის უფლებაზე საიას სარჩელი არ დააკმაყოფილა, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ახლახან დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახან დანიშნულმა მოსამართლემ. მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით.
სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა – დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.
ჯერჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამართლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს”, – წერს ქურდოვანიძე.