ჩვენს ხელთ არსებული და ასევე, ამ ეტაპამდე გასაჯაროებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ცესკოს ჰქონდა, – ამის შესახებ სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმის” წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიისთვის სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
“ჩვენს ხელთ არსებული და ასევე, ამ ეტაპამდე გასაჯაროებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტიის მიერ არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი ცესკოს ჰქონდა. კერძოდ, ცესკომ არ შეასრულა გაცემული დაპირება, რომ არჩევნების დღეს, ბიულეტენის ხარისხი ხმის მიცემის ფარულობას უზრუნველყოფდა. არჩევნების დღისთვის განკუთვნილი ბიულეტენი დაბეჭდილი იყო თხელ ქაღალდზე, რაც ყველა ელექტრონულ უბანზე მყოფი პირებისთვის, ამომრჩევლის მიერ ამორჩეული ხმის იდენტიფიცირებას ხდიდა შესაძლებელს. ცესკოს ამ ქმედებამ არჩევნების დღეს საშუალება მისცა მმართველ პარტიას, რომ მასშტაბურად ეკონტროლებინა ამომრჩევლის ნება. ამასთან, ცესკომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციის გარეშე, არჩევნებამდე 2 თვითა და 9 დღით ადრე, უკანონოდ, თვითნებურად და დაუსაბუთებლად შეცვალა საარჩევნო კოდექსით დადგენილი წესი და ნაცვლად იმისა, რომ რეგისტრატორების ფუნქცია არჩევნების დღეს წილისყრით გამოვლენილიყო, აღნიშნული წილისყრის ჩატარების ვადა განსაზღვრა არჩევნებამდე 1 კვირით ადრე. ამ ცვლილების შედეგად, აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება გახდა შეუძლებელი.
ამასთან, ცესკოს მიერ ვერიფიკაციის აპარატებთან მომუშავე პირების დანიშვნის წესის ცვლილებამ და 1 კვირით ადრე მათი ვინაობის განსაზღვრამ გაამარტივა და შესაძლებელი გახადა ამ ფუნქციის შემსრულებელ პირებზე მმართველი პარტიის მხრიდან ზემოქმედება და მმართველი პარტიის ინტერესებისადმი მათი დაქვემდებარება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ არჩევნების დღის განმავლობაში, მარკირების წესის დაუცველობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა არჩევნების გაყალბების სქემის წარმატებით განხორციელებაში. არჩევნების დღის განმავლობაში, ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია გაყალბების შესახებ, თუმცა ცესკოს თავმჯდომარე არ რეაგირებდა დარღვევებზე. ცესკოს სხდომების ვიდეომასალის ანალიზი ადასტურებს, რომ მმართველი პარტიისთვის სასურველი სქემის ხელშესაწყობად უკანონო გადაწყვეტილებების მიღებაში, ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი.
სრულად ვაცნობიერებთ, რომ ეფექტიანი გამოძიების ჩატარება იმ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, მათ შორის, საგამოძიებო სამსახურები მმართველი პარტიის დაქვემდებარებაშია, ამ ეტაპისთვის არარეალისტურია, თუმცა ზემოაღნიშნულ პირთა მხრიდან, სულ მცირე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – სამსახურებრივი გულგრილობა, ხოლო განზრახვის დადასტურების შემთხვევაში, სახეზეა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლი – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ამიტომ, მივმართავთ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება ცესკოს წარმომადგენლებთა მიერ სამოხელეო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.