ახლა ჩვენ ვიკრიბებით და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ დღეს იწყება პროცესი, ეს არის წინააღმდეგობის პროცესი, რომლითაც ხელისუფლებას არ მივცემთ მოსვენების საშუალებას, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, ოპოზიციამ ჯამურად მოუგო ხელისუფლებას.
“მე მინდა ყველას მივესალმო და ძალიან მკაფიოდ ვუთხრა საზოგადოებას, რომ ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია და ქართველ ხალხს წაართვა ყველაზე მთავარი არჩევანის უფლება. ეს არ იყო მცირედი გაყალბება, რომელსაც მიჩვეულია პოსტსაბჭოთა საქართველო, ეს იყო მასიური სპეცოპერაცია რუსების ჩართულობით. ახლა ჩვენ ვიკრიბებით და მინდა ყველას გასაგონად ვთქვა, რომ დღეს იწყება პროცესი, ეს არის წინააღმდეგობის პროცესი, რომლითაც ხელისუფლებას არ მივცემთ მოსვენების საშუალებას. თბილისში მასიური გაყალბების პირობებში, ოპოზიციამ ჯამურად მოუგო ხელისუფლებას, ამიტომ ოპოზიცია არ აპირებს პარლამენტში შესვლას. დღეს ყველა უნდა ვიყოთ ქუჩაში და დავიცვათ თითოეული მოქალაქის ხმა“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. ამ დროისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და პროტესტის მონაწილეები ვაგზლის მოედანზე, “თბილისი ცენტრალის” მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან, საიდანაც პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მარში მოეწყობა.