მხოლოდ ერთ მოსამართლეს აღმოაჩნდა გამბედაობა იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე, დაედგინა სიმართლე საკუთარი გადაწყვეტილებით, რომლის ცვლილებასაც, ბუნებრივია, რეჟიმი ეცდება სააპელაციო სასამართლოში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სააპელაციო სასამართლოსთან მოვბილიზდეთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ სააპელაციო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც უნდა იგრძნონ საზოგადოებრივი წნეხი, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება და არა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ.
“გუშინ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს პირველმა ინსტანციამ დედოფლისწყაროში, სადაც დადასტურდა, რომ ელექტრონული წესით კენჭისყრის დროს დარღვეული იყო ფარულობა და შესაბამისად, ადამიანები ვერ გამოხატავდნენ თავისუფალ არჩევანს. ეს არის ყველაზე ფუნდამენტური პრინციპი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისა. ეს ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია ხალხის წინააღმდეგ, სადაც ტოტალურად კონტროლდებოდა ამომრჩევლის ნება. უბრალოდ, მხოლოდ ერთ მოსამართლეს აღმოაჩნდა გამბედაობა იმისთვის, რომ ეთქვა სიმართლე, დაედგინა სიმართლე საკუთარი გადაწყვეტილებით, რომლის ცვლილებასაც, ბუნებრივია, რეჟიმი ეცდება სააპელაციო სასამართლოში და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სააპელაციო სასამართლოსთან მოვბილიზდეთ, სადაც სხდომა, რომელიც დღეს უნდა ჩატარებულიყო, ჩატარდება ხვალ და ჩვენ უნდა შევიკრიბოთ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებმაც იგრძნონ საზოგადოებრივი წნეხი, რომ მიიღონ სამართლიანი გადაწყვეტილება და არა პოლიტიკური დაკვეთა შეასრულონ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
სააპელაციო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.