მე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელით. არ მიფიქრია ეს ვის მოეწონებოდა. ხმის ფარულობის პრინციპის დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, – ამის შესახებ თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ კონკრეტული საარჩევნო უბნების შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული საქმე მასმედიის გაშუქებით და საზოგადოების დაინტერესების შედეგად რეზონანსული გახდა.
“მე მივიღე გადაწყვეტილება საქართველოს სახელით, ჩემი სამოსამართლეო ფიცის, ჩემი სინდისის, კანონის უზნაესობის, სამართლიანობისა და საქმეში არსებულ იმ მტკიცებულებეზე დაწყრდნობით, რომელიც მე მხარეებთან ერთად სასამართლოს დარბაზში გამოვიკვლიე და შევაფასე. ერთადერთი საკითხი და ერთადერთი ამოცანა, რომელიც იდგა სასამართლოში შემოსვლისთანავე ჩემ წინ, ისევე როგორც ყველა სხვა საქმესთან დაკავშირებით, ეს იყო საქმის სწორად გადაწყვეტის ამოცანა.
პირველ რიგში, ეს კონკრეტული საქმე, თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდია, თუმცა ობიექტურობისთვის მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ საქმის რეზონანსულობა მასმედიაში გაშუქებამ და საზოგადოების დაინტერესებამ გამოიწვია.
მე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიმეღო, საფრთხეების შეფასება მე არ დამიწყია. არ მიფიქრია ეს გადაწყვეტილება ვის მოეწონება და რა რეაქცია ექნებოდა. სამართლის ძალა დიდი ძალაა. ხმის ფარულობის პრინციპი იმდენად დიდი ღირებულებაა, რომ საქართველოს კანონმდებლობა მის დარღვევაზე ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ვლადიმერ ხუჭუამ “ტვ პირველის” ეთერში.
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ვლადიმერ ხუჭუამ არასამთავრობოებისა და ოპოზიციური კოალიციების სარჩელი კონკრეტულ უბნებზე საარჩევნო შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით 4 ნოემბერს დააკმაყოფილა.